პეტრე მამრაძის ოჯახის წევრს სასამართლოში უჩივიან - ვინ და რატომ ითხოვს შემაკავებელ ორდერს

პეტრე მამრაძე

ყოფილი პარლამენტარის, პეტრე მამრაძის დას სასამართლოში უჩივიან. ნინო მამრაძეს ყოფილი სიძე ბავშვების წართმევასა და მათთან ურთიერთობის აკრძალვაში სდებს ბრალს, ხოლო მის ძმას, პეტრე მამრაძეს გავლენების ბოროტად გამოყენებაში ადანაშაულებს.

ყველაფერი 2019 წელს დაიწყო, როცა ბავშვები წამოიზარდნენ და დაქვრივებულმა მამამ მეორე ოჯახი შექმნა.

„როცა ცოლი გარდამეცვალა, ბავშვებთან და მათ ბებიასთან ერთად ჩემი ცოლის ბინაში ვცხოვრობდით.  წელიწად-ნახევრის შემდეგ სხვა ქალს შევხვდი და მასთან დავიწყე ურთიერთობა. პატარა ბინაა და იქ ვერ მივიყვანდი, ცალკე გადავედით. ბავშვებს ბებიასთან ორშაბათიდან-ხუთშაბათამდე ვტოვებდი, პარასკევიდან-კვირამდე ჩემთან მყავდნენ. მე მათ გამო სკოლაში, იმავე უბანში დავიწყე მუშაობა.

4 წელი კარგად ვცხოვრობდით, ეს ქალბატონი დამყავდა ყველგან, სადაც ბავშვები მიმყავდა. ჩემი მეუღლე პედაგოგია და ბავშვებიც ძალიან კარგად ეწყობოდნენ მას. შემდეგ როცა გაიზარდნენ, როცა ცოტნე 10 წლის გახდა ბებიამ სხვა დამოკიდებულება გამოამჟღავნა.

უკვე ორ წელზე მეტია ვიბრძვი ჩემი შვილებისთვის. ცოტნე 12 წლისაა. იგი საოცრად ნიჭიერი პიანისტი და კომპოზიტორია, მას ხშირად „ქართველ მოცარტად“ მოიხსენიებენ. ჩემი ქალიშვილი ნინო ზედგინიძე 10 წლის გახდა. იგი ძალიან ლამაზი და ჭკვიანი გოგოა. ჩემი შვილების ბებია, ქალბატონი ნინო მამრაძე, არ მაძლევდა მისი თანდასწრების გარეშე ჩემს აღზრდილ შვილებთან ურთიერთობის საშუალებას 2019 წლის სექტემბრის შემდეგ.

იგი, აგრეთვე, განაწყობდა ჩემს შვილებს ჩემს წინააღმდეგ და ცდილობდა, შეეძულებინა მამა მათთვის. ჩემთვის აშკარა გახდა, ნინო მამრაძის ბოროტი განზრახვა. მან გადაწყვიტა, ჩემი შვილები გაეუცხოებინა მამისგან და გადაეცა ისინი თავისი ძმისთვის, პეტრე მამრაძისთვის, რომელიც არის ყოფილი პარლამენტარი (დღეს ნინო მამრაძე არც მალავს თავის ამ განზრახვას) და მისი ქალიშვილისთვის.

პოლიციას რომ იძახებენ, პეტრე იქვე ცხოვრობს, მიდის და მათზე გავლენას ახდენს. ალბათ, სასამართლოშიც ცდილობს, რომ თავისი გავლენებით იმოქმედოს.

მე არ მქონდა სხვა გამოსავალი, გარდა იმისა, რომ 2020 წლის თებერვალში მიმემართა სასამართლოსთვის, რომ დამეცვა ჩემი და ჩემი შვილების უფლებები. სასამართლოში საქმის დაწყების შემდეგ ნინო მამრაძემ კიდევ უფრო დაძაბა ჩვენი ურთიერთობები; ბებიამ აუკრძალა ბავშვებს ჩემთან კომუნიკაცია და დაიწყო უსაძაგლესი ჭორების გავრცელება ჩემს შესახებ. ჩემს მიმართ ცილისწამების კამპანიაში ნინო მამრაძეს მხარში უდგას მისი ძმა, პეტრე მამრაძე.

ერთ დღეს ბავშვები საერთოდ აღარ გამომატანა. განაცხადა, რომ მათ მის გარეშე წასვლა აღარსად სურდათ. ბავშვებიც იმეორებდნენ ამას და აღარაფერი გამოდიოდა.

მომაყენა შეურაცხყოფა, რაც ძალიან მეწყინა და ვუთხარი, რომ მაშინ ბავშვებს წავიყვანდი, მოვკიდე ხელი ჩემს ქალიშვილს, რომელმაც წინააღმდეგობა გამიწია. რომ წამოვედი პოლიცია გამოიძახეს, მამა იტაცებსო. შემდეგ ურთიერთობა გამოგვისწორდა, კვირაში 2 დღე მათთან ვრჩებოდი, მაგრამ მერე კომპრომისზე აღარ წავიდა, ბავშვებს აღარ მატანდა 1 საათიც კი. პედაგოგი ვარ, ჰარვარდის უნივერსიტეტი მაქვს დამთავრებული, ბავშვებთან ურთიერთობა არ მეშლება. იდეალური მამა ვიყავი, მათ უსაფრთხოებაზე ვფიქრობდი. შემდეგ დაიწყო ჭორების გავრცელება, რომ ვარ ცუდი ტიპი, ბავშვებზე ფინანსურად არ ვზრუნავ, რაც იყო ტყუილი. ბავშვების ბებია ხალხს ეუბნებოდა, რომ ვარ მამათმავალი, პედოფილი, ამბობდა, რომ ჩემი პირველი ცოლი მე და დედამ მოვკალით, ბევრმა ეს დაიჯერა. მე არაფრის საშუალება აღარ მქონდა, რის შემდეგაც სასამართლოს მივმართე.

სამოქალაქო დავის მიმდინარეობის პარალელურად, 2021 წლის დეკემბერში განცხადებით მივმართე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიას და მოვითხოვე ბებიის - ნინო მამრაძის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემა. ჩემი განცხადება განსახილველად გადასცეს მოსამართლე ირინა გოგოლაძეს. მოსამართლემ იანვრის თვეში საქმეზე ჩაატარა სამი მოსამზადებელი სხდომა, 2022 წლის 25 იანვრის სხდომა მოსამართლემ ჩაშალა თავისი ინიციატივით ისე, რომ ჩემთვის არ უცნობებიათ სხდომის ჩაშლის მიზეზი. მიუხედავად ჩემი არაერთგზის მოთხოვნისა, მოსამართლე ირინა გოგოლაძე მეოთხე თვეა, ჩემ საქმეზე სხდომას არ ნიშნავს, სასამართლო დუმს, არ რეაგირებს ჩემ განცხადებებზე, იმის ღირსადაც კი არ მთვლიან, რომ პასუხი გამცენ. თუმცა ერთი რამ ცხადია - დამცავი ორდერის საქმეზე, რომელიც კანონის თანახმად, უნდა გადაწყდეს 10 დღის ვადაში, ოთხი თვის მანძილზე სხდომის არ დანიშვნას და საქმეზე გადაწყვეტილების არ გამოტანას შეუძლებელია, ჰქონდეს რაიმე რაციონალური, კანონის შესაბამისი, ნორმალური ახსნა, გარდა იმისა, რომ მე და ჩემი შვილები, ჩემი ვარაუდით, ვართ სასამართლოში გამეფებული კორუფციის მსხვერპლები. მაქვს საფუძვლიანი ეჭვი, რომ არსებობს კორუფციული გარიგება თბილისის საქალაქო სასამართლოს ერთ-ერთ ხელმძღვანელსა და ნინო მამრაძეს შორის, რომლის გავლენითაც მოსამართლე ირინა გოგოლაძე მეოთხე თვეა, არ იხილავს ჩემს საქმეს.“ - აცხადებს გიორგი ზედგიძინე.

„პრაიმტაიმი“ გიორგი ზედგინიძის ადვოკატ თეა თადაშვილსაც ესაუბრა.

„წამოწყებული გვაქვს სამოქალაქო დავა, რომელიც ბავშვების საცხოვრებელი ადგილის განმსაზღვრელს ეხება. მეორე ეს არის დამცავი ორდენის გამოცემით აღძრული განცხადება, განმცხადებელია გიორგი ზედგინიძე და ასევე ბავშვები, წარმომადგენელია მამა. მოპასუხე მხარეს ბებია წარმოადგენს. მამა ითხოვს, რომ ბავშვები ბებიისგან გამოიყვანონ და დროებით სხვა ადგილზე იცხოვრონ. ეს არის ერთ-ერთი ღონისძიება, თუ სასამართლო გადაწყვეტს, რომ ბავშვები ძალადობის მსხვერპლები არიან.

მეხუთე თვეა, სასამართლოს გადაწყვეტილება არ გამოაქვს, საქმეც არ განხილულა, სხდომებიც არ ინიშნება. სასამართლო საქმეს არ იხილავს მაშინ, როცა ბავშვები რჩებიან ძალადობრივ გარემოში, არის ძალიან რთული ვითარება. უამრავი განცხადება გვაქვს წარდგენილი სასამართლოში, სასამართლოს თავმჯდომარის სახელზე, იუსტიციის საბჭოში, არაფერს რეაგირება არ მოჰყოლია. უბრალოდ გვინდა, რომ სხდომა დაინიშნოს და მოსამართლემ საქმის განხილვა დაიწყოს“, - განაცხადა ადვოკატმა.

ჩვენ ყოფილ პარლამენტარ პეტრე მამრაძესაც დავუკავშირდით. მისი თქმით, გიორგი ზედგინიძის ბრალდებები არაადეკვატურია.

„მის ბრალდებებს არც ვპასუხობ, იმდენად არაადეკვატურია ეს ყველაფერი. ჩვენს ადვოკატს ყველა ფაქტი და დოკუმენტი სახეზე აქვს. მე ნინო მამრაძის ძმა ვარ, შესაბამისად, ოჯახის წევრი არ ვარ, კანონმდებლობით, ბავშვებისთვის მე ბებიის ძმა ვარ და ჩემს მიმართ არანაირი პრეტენზია და მოთხოვნა არ ყოფილა. ეს სრულიად არაადეკვატური ადამიანი ხანდახან წერს ჩემზე, რასაც არასდროს ვცემ პასუხს. შესაძლებელია, რომ ამაზე ჩემმა ადვოკატმა არგუმენტებით რამე რეაგირება მოხდინოს.“ - განაცხადა პეტრე მამრაძემ.