პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ახმეტაში 71 წლის ქალის მკვლელობისათვის, 18 წლის ბაჩო ხაშმელაშვილს, ბრალი ოფიციალურად წაუყენეს.
ბრალის დადგენილება, ახალგაზრდას თელავის წინასწარი მოთავსების იზოლატორში გააცნეს.
სახელმწიფო ბრალდება, ხაშმელაშვილს, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის, 108- ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენას ედავება, რაც მეზობლის, ლალი ხარიტონაშვილის განზრახ მკვლელობაში გამოიხატა.
ბრალდებულის ადვოკატი დავით ახალაური ამბობს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფს, მკვლელობის განზრახვა არ ჰქონია.
„ისროდა უმისამართოდ, რადგან ტყვია აქვს მოხვედრილი, მაგალითად, მესერს. ჩემი ღრმა რწმენით, ის იმყოფებოდა ფსიქოტროპული მედიკამენტების ზეგავლენის ქვეშ, რომლებსაც იღებს დედამისი. ბრალდებულმა ნაწილობრივ დუმილის უფლება გამოიყენა და მომხდარის გარშემო, მხოლოდ რამდენიმე კითხვაზე შეძლო პასუხის გაცემა. მკვლელობის ნაწილში, ის თავს დამნაშავედ არ ცნობს“,- განმარტა ახალაურმა.
ადვოკატი, მისი დაცვის ქვეშ მყოფი პირის ფსიქოლოგიური მდგომარეობის შესწავლის მოთხოვნას აპირებს.
შეგახსენებთ, მკვლელობა ახმეტაში 17 აპრილს მოხდა.
საცხოვრებელი სახლის გამო, წლების წინ დაწყებული კონფლიქტის ნიადაგზე, 18 წლის ახალგაზრდამ 71 წლის ქალი სანადირო თოფიდან გასროლით მოკლა.
ბრალდებულისათვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე, თელავის რაიონული სასამართლო, ხვალ იმსჯელებს.