პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
ვაკის პარკის შადრევანში ჩატარებული სამუშაოები და უსაფრთხოების ნორმები შემოწმებული იყო - ამის შესახებ „გრინსერვის პლუსის“ დირექტორმა, ლაშა ფურცხვანიძემ განაცხადა.
„გრინ სერვის პლუსის„ დირექტორი დღეს მესამედ გამოიკითხა. მისი დაკითხვა 4 საათის განმავლობაში გაგრძელდა. საგამოძიებო მოქმედებები ვაკის პარკში მომხდარი უბედური შემთხვევის საქმეზე გრძელდება. ვაკე-საბურთალოს მთავარ სამმართველოში ამ წუთებში მოწმეები იკითხებიან. საგამოძიებო უწყებას უკვე გამოკითხული ჰყავს 100-ზე მეტი ადამიანი, თუმცა დაკავებული ამ ეტაპზე არავინაა.
ლაშა ფურცხვანიძემ ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველო ცოტა ხნის წინ დატოვა. ის გამოკითხვაზე დღეს მესამედ იმყოფებოდა. მას არ დაუკონკრეტებია თუ რა დამატებითი შეკითხვები დაუსვეს გამომძიებლებმა, თუმცა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ ვაკის პარკის შადრევანში 5 დღის წინ მომხდარი უბედური შემთხვევის მიზეზები მისთვის უცნობია. ის ამბობს, რომ შემოწმებითი სამუშაოები როგორც შადრევანში სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობისას, ასევე მისი დასრულების შემდეგაც ჩატარდა.
„შემოწმებული იყო ელექტროობა დაინსტალირების დროსაც და მერეც. მე პასუხისმგებლობა ღმერთისგან უკვე მაქვს სიცოცხლის ბოლომდე, აწი რა პასუხისმგებლობა იქნება ეგ მე, სიმართლე რომ გითხრათ, ამ ეტაპზე ნამდვილად არ მაინტერესებს. სავარაუდოდ, კიდევ დამიბარებენ“, - აცხადებს ლაშა ფურცხვანიძე.
ვაკე-საბურთალოს პოლიციის მთავარ სამმართველოში დღეს კიდევ რამდენიმე პირს გამოკითხავენ, თუმცა მათი ვინაობა ამ დროისთვის უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს და 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.