კასპში მომხდარი სასტიკი მკვლელობის საქმეზე, სააპელაციო სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო

სასამართლო

კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილის მკვლელობის ფაქტზე მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილი და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვაში მსჯავრდებული მოკლულის მეუღლე ქეთევან ჩხაიძე თბილისის სააპელაციო სასამართლომაც დამნაშავედ ცნო.

მეორე ინსტანციის სასამართლოს მოსამართლეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, გორის რაიონული სასამართლოს განაჩენი უცვლელად დარჩა.

შესაბამისად, ზურაბ კახიშვილისთვის მისჯილი უვადო თავისუფლების აღკვეთა, ასევე, ქეთევან ჩხაიძისთვის მისჯილი 5 წელი და 6 თვე ძალაში დარჩა.

სხდომას ესწრებოდა მსჯავრდებული ზურაბ კახიშვილი, ქეთევან ჩხაიძე კი დისტანციურად ერთვებოდა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 13 მარტს კასპში 34 წლის ნოდარ ღუნაშვილი მოკლეს. მკვლელობის ფაქტზე, შემთხვევიდან მეორე დღეს, სამართალდამცველებმა მოკლულის მეგობარი - ზურაბ კახიშვილი დააკავეს.

გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა ღუნაშვილს ანგარიშსწორების მიზნით ცივი იარაღით სხეულზე სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა. მომხდარიდან გარკვეული პერიოდის შემდეგ, სამართალდამცველებმა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ბრალდებით დააკავეს მოკლული მამაკაცის მეუღლე - ქეთევან ჩხაიძე. დაკავებულებს ბრალი განზრახ მკვლელობისა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვის ფაქტებზე, სსკ-ს 108-ე და 375-ე მუხლის მესამე ნაწილით ჰქონდათ წარდგენილი. 2021 წლის 3 დეკემბერს კი გორის რაიონულმა სასამართლომ კახიშვილს უვადო, ჩხაიძეს კი 5,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.