ფინეთის მთავრობა გამოდის ინიციატივით, რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აიკრძალოს

ფინეთი

ფინეთის მთავრობა გამოდის ინიციატივით, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის უძრავი ქონების შეძენა აიკრძალოს.

თავდაცვის მინისტრი ენტი ჰაკანენი თვლის, რომ ამ ნაბიჯით ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება უფრო მეტად იქნება დაცული.

„რეგულაციები მიზნად ისახავს ფინეთის წინააღმდეგ შესაძლო მტრული გავლენის თავიდან აცილებას“, – განაცხადა თავდაცვის მინისტრმა.

ფინეთსა და მეზობელ რუსეთს შორის ურთიერთობები განსაკუთრებით 2022 წელს, უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ დაიძაბა, რის შემდეგაც ფინეთი ნატო-ს სამხედრო ალიანსს შეუერთდა.

ამასთან, ინიციატივის მიხედვით, აკრძალვა არ შეეხებათ პირებს, რომლებსაც ორმაგი მოქალაქეობა აქვთ და იმ რუსებს, რომლებსაც მუდმივი საცხოვრებელი აქვთ ფინეთში ან ევროკავშირის სხვა ქვეყნებში.

თავდაცვის მინისტრის თქმით, ფინეთის მთავრობა უკვე ახორციელებს მონიტორინგს 3 500-მდე ქონებაზე, რომლებიც დაკავშირებულია რუს მფლობელებთან.