უკრაინისა და აშშ-ის გუნდებს შორის სასარგებლო წიაღისეულის შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას დადებითად წარიმართა - ზელენსკი

ვოლოდიმირ ზელენსკი

უკრაინისა და აშშ-ის გუნდებს შორის სასარგებლო წიაღისეულის შეთანხმების შესახებ მოლაპარაკებები გასულ კვირას დადებითად წარიმართა, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ოდესაში, NATO-ს გენერალურ მდივანთან, მარკ რუტესთან ერთობლივი პრესკონფერენციის დროს განაცხადა.

„ჯერჯერობით ორივე მხარემ შეხვედრა პოზიტიურად დაასრულა“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მოლაპარაკებები, როგორც ონლაინ, ასევე პირისპირ, ამ კვირის ბოლომდე გაგრძელდება, შემდეგ კი, გუნდები წარმოადგენენ, „რა შედეგებსაც მიაღწიეს“.

ამასთან, ზელენსკიმ კვლავ გაიმეორა მოწოდება უკრაინისთვის Patriot-ის ტიპის ანტისარაკეტო თავდაცვის სისტემის გადაცემის შესახებ და აღნიშნა, რომ ეს მოკავშირეების პოლიტიკურ ნებაზეა დამოკიდებული.

„Patriot – ეს ძალიან მნიშვნელოვანია, თავდაცვითი იარაღია. ჩვენ უბრალოდ არ ვითხოვთ Patriot-ს, ჩვენ დღეს ვესაუბრეთ გენერალურ მდივანს, ჩვენ მზად ვართ, გავერთიანდეთ, რათა მოვიძიოთ თანხები და შევიძინოთ ეს სისტემები“, – განაცხადა ზელენსკიმ.

ზელენსკის თქმით, უკრაინა მზადაა, „ნებისმიერი ნაბიჯისთვის“, რათა გააძლიეროს საჰაერო თავდაცვა.

„ეს დღეს პოლიტიკური საკითხია. სისტემები არსებობს მსოფლიოში, ასევე  რაკეტებიც არის და მხოლოდ ლიდერების გადაწყვეტილებებზეა დამოკიდებული, გვექნება თუ არა საკმარისი დაცვა“, – განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა.

ზელენსკი ასევე გამოეხმაურა ტრამპის წარმომადგენლის განცხადებას ე.წ. ხუთი ტერიტორიის შესახებ.  უკრაინის პრეზიდენტის თქმით, უკრაინა სუვერენული სახელმწიფოა და მის ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინელ ხალხს შეუძლია საუბარი.

„ყველა ტერიტორია ეკუთვნის უკრაინას. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიაზე მხოლოდ უკრაინის ხალხს შეუძლია საუბარი და თქვენ იცით, რომ ჩვენთვის ეს წითელი ხაზებია – ვაღიაროთ დროებით ოკუპირებული ტერიტორიები როგორც არა უკრაინელი, არამედ რუსული. შესაბამისი წარმომადგენლები განიხილავენ საკითხებს, რომლებიც მათი კომპეტენციის ფარგლებს სცდება“, – აღნიშნა ზელენსკიმ.

შეგახსენებთ, აშშ-ის პრეზიდენტის სპეციალურმა წარმომადგენელმა, სტივ უიტკოფმა „ფოქს ნიუსთან“ ინტერვიუში ვლადიმერ პუტინთან შეხვედრას „დამაჯერებელი“ უწოდა და განაცხადა, რომ შეთანხმების გასაღები ე.წ. ხუთ ტერიტორიას უკავშირდება.