რამდენიმე ადამიანი მარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ - დანა უაით

დანა უაითი

UFC-ის პრეზიდენტმა, დანა უაითმა საუდის არაბეთში გასამართი ღონისძიების წინ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

თურქმა ჟურნალისტმა უაითს ჰკითხა, განიხილავს თუ არა ორგანიზაცია ბრძოლების თურქეთში ჩატარებას, რადგან ამ მომენტისთვის თურქული ფესვების მქონე სამი მებრძოლია. უაითის თქმით, UFC-ის ყველგან ჩასვლა სურს, ხოლო რამდენიმე ადამიანი აქტიურად არწმუნებს, რათა ღონისძიება საქართველოში გაიმართოს.

„ყველგან ჩასვლა გვსურს. რამდენიმე ადამიანი აქტიურად მარწმუნებს, რომ UFC-ის ღონისძიება საქართველოში ჩავატაროთ. ეს ლოგიკურია, რადგან სად აქვს აზრი ყველაზე მეტად ახლა ჩასვლას? რა თქმა უნდა, საქართველოში. ამას ყველა ინტერესით შეხვდება.

როდესაც ჩნდებიან გამორჩეული ტალანტები, ინტერესი იზრდება, ამის მაგალითია სამხრეთ აფრიკა. თურქი სპორტსმენებიც პროგრესირებენ. ამიტომ დიახ, ბრძოლების თურქეთში ჩატარებაც განიხილება“, – განაცხადა უაითმა.

შეგახსენებთ, რომ მამაკაცთა შორის UFC-ის შვიდი წონითი კატეგორიიდან ორის ჩემპიონი ქართველია. სუპერმსუბუქ დივიზიონში ქამარს მერაბ დვალიშვილი ფლობს, ხოლო ქვემსუბუქში – ილია თოფურია.