იან მალკოლმ ჰოქს მითითებული საფუძვლითაც აქვს უფლება, სარჩელი წარადგინოს და მოსთხოვოს ხაზარაძეს-ჯაფარიძეს, ზიანი აუნაზღაურონ ბანკს - დიმიტრი ტორაძე

ადვოკატი

„იან მალკოლმ ჰოქი ცდილობს, ბანკს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, გაიზარდოს მისი კაპიტალის მოცულობა და ამით მისი და თითოეული აქციის მფლობელის აქცია გამოხატული იყოს რეალურ ღირებულებაში. საკითხი დგას მარტივად: ბანკის კაპიტალის ზრდა ნიშნავს ბანკის აქციის ღირებულების ზრდას“, - ამის შესახებ თიბისი ბანკის“ ბრიტანელი აქციონერის იან მალკოლმ ჰოქის ადვოკატმა დიმიტრი ტორაძემ „საქმიან დილაში“ ისაუბრა.

ბრიტანელი აქციონერის ადვოკატის თქმით, ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები უარს ამბობენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბანკისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, რითაც მატერიალურ ზიანს აყენებენ ბანკის აქციების თითოეულ მფლობელს, რადგან ბანკის კაპიტალის მოცულობის ზრდა პირდაპირ აისახება აქციის ღირებულებაზე.

 „ბანკის წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირები დღეის მდგომარეობით უარს ამბობენ მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის მიმართ ბანკისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე, ანუ ფაქტობრივად, უარს ამბობენ ბანკის კაპიტალის/აქტივების გაზრდაზე. აღნიშნულით კი მატერიალურ ზიანს აყენებენ ბანკის აქციების თითოეულ მფლობელს, რადგან ბანკის კაპიტალის მოცულობის ზრდა პირდაპირ აისახება აქციის ღირებულებაზე.
იმ შემთხვევაში, თუ შესაბამისი პირები უარს ამბობენ ბანკის კაპიტალის მოცულობის ზრდაზე, აქციის მფლობელს რჩება ერთადერთი მექანიზმი: წარადგინოს მოთხოვნა ბანკისთვის ბრალეული ქმედებით ზიანის მიმყენებელი პირების წინააღმდეგ, თან იმ ფორმით, რომ მოთხოვნა მიმართული იყოს ბანკის სასარგებლოდ.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, იან მალკოლმ ჰოქი ცდილობს, ბანკს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი, გაიზარდოს მისი კაპიტალის მოცულობა და ამით მისი და თითოეული აქციის მფლობელის აქცია გამოხატული იყოს რეალურ ღირებულებაში. საკითხი დგას მარტივად: ბანკის კაპიტალის ზრდა ნიშნავს ბანკის აქციის ღირებულების ზრდას.

ამდენად, ნათლად ჩანს, რომ იან მალკოლმ ჰოქს მითითებული საფუძვლითაც აქვს უფლება, სარჩელი წარადგინოს და მოსთხოვოს ხაზარაძესა და ჯაფარიძეს, ზიანი აუნაზღაურონ ბანკს, განსაკუთრებით მაშინ, როცა ბანკის უფლებამოსილი პირები შეგნებულად თუ შეუგნებლად უარს ამბობენ, ბანკმა აინაზღაუროს განცდილი ზიანი და გაიზარდოს მისი კაპიტალი.

სარჩელში ცალკე თავად გვაქვს განსჯადობა და ჩამოყალიბებული. გვაქვს ყველა ის დებულება, თუ რატომ მივმართავთ ქართულ სასამართლოს. იან მალკოლმ ჰოქი უფლებამოსილია, მიმართოს ქართულ სასამართლოს მამუკა ხაზარაძის, ბადრი ჯაფარიძის და სხვათა მიმართ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნით, იმიტომ, რომ აქ არის სარჩელის ორი მომენტი, დერივაციული და დელიქტური სარჩელი. როცა ზიანზე ვსაუბრობთ, ზიანის მიმყენებელი პირები არიან საქართველოს რეზიდენტი კომპანიები და საქართველოს ფიზიკური პირები და ვის სასარგებლოდაც ზიანი უნდა ანაზღაურდეს, იან მალკოლმ ჰოქი პირდაპირ ვერ მოითხოვს, რომ მე მომეცით, ის ითხოვს „თიბისი ბანკის“ სასარგებლოდ, „თიბისი ბანკიც“ არის ქართული რეზიდენტული კომპანია. შესაბამისად, მოპასუხეთა ადგილმდებარეობის მიხედვით, განსჯადობა აბსოლუტურად ზუსტია და ჩვენ მივმართეთ ქართულ სასამართლოს“,- განაცხადა ტორაძემ.

გარდა ამისა, დიმიტრი ტორაძემ აღნიშნა, რომ 2021 წლის დეკემბერში ქართულმა სასამართლომ ბანკის აქციონერების სარჩელი მიიღო, რომლის თანახმადაც ისინი ითხოვდნენ, „თიბისი PLC“ „თიბისის“ აქციონერებიდან გარიცხულიყო.

„აქ არის კიდევ ერთი საინტერესო მომენტი, გასული წლის დეკემბერში ქართულმა სასამართლომ მიიღო „თიბისის“ აქციონერების სარჩელი, რომლის დედააზრია, რომ „თიბისი PLC“ იყოს საერთოდ გარიცხული „თიბისის“ აქციონერებიდან. ძალიან მაინტერესებს, ამ შემთხვევაში მამუკა ხაზარაძე სად იქნება? ჩვენი მოწინააღმდეგე იქნება, თუ ამ სარჩელის ფარგლებში უკვე სოლიდარული ჩვენი მხარე იქნება? როცა ვსაუბრობ დელიქტურ და დერივაციულ სარჩელზე, ერთი არის იანი და მეორე არის, როცა კომპანია არ იქცევა სწორად. ჩვენ ჯერჯერობით ამ გზას გვერდს ვუვლით და „თიბისის“ ვუტოვებთ ყველა გზას და საშუალებას, რომ ეს შესაძლებლობა მან გამოიყენოს. მეტიც, თვითონ აიღოს ხელში სადავეები, თვითონ დაიწყოს საკუთრივ ინტერესები, რადგან ეს პირდაპირპროპორციულად ნიშნავს ჩემი მარწმუნებლის და მისნაირი აქციონერების ინტერესების დაცვას.

სარჩელი, რომელიც ჰოქმა დააყენა, ამას ყველა აქციონერი ვერ დააყენებს. რომ არსებობდეს 1 000 აქციონერი, ამდენივე 16 000 000 ვერ იქნება მოთხოვნილი. შესაბამისად, ამის წარმატება ყველას წარმატებაა“, - დასძინა დიმიტრი ტორაძემ.