დააკავეს ტაქსის მძღოლი, რომელმაც თანხის გამოძალვის მიზნით ტურისტები შორ გზაზე გაიტაცა

პოლიციამ დააკავა ტაქსის მძღოლი, რომელმაც თანხის გამოძალვის მიზნით შორ გზაზე ტურისტები გაიტაცა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

„გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულს, უცხო ქვეყნების ორ მოქალაქესთან დ.ს.- თან და ს.ტ.-სთან ტაქსით მომსახურების საფასურთან დაკავშირებით უთანხმოება მოუვიდა. რის შემდეგაც, ა.ბ.-მ მგზავრები მათთვის გაურკვეველი მიმართულებით წაიყვანა და უთხრა, რომ ჩაკეტილი ავტომობილიდან მხოლოდ 500 ლარის გადახდის შემდეგ გაუშვებდა. ა.ბ.- მ მგზავრებს ავტომობილიდან გადასვლის შესაძლებლობა მხოლოდ მას შემდეგ მისცა, რაც მათ მომხდარზე ახლობლებთან სატელეფონო ზარის განხორციელება სცადეს.

სამართალდამცველებმა ჩატარებული სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ტაქსის მძღოლი ცხელ კვალზე დააკავეს.

ორი პირის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს“,- ნათქვამია განცხადებაში. 

მათივე ინფორმაციით, დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.