პირველი დეკემბრიდან ახალი წესები ამოქმედდება - გაფრთხილება მძღოლებს
1732309879
2020 წელს დაკარგული მზია ბედმანიკაშვილის ცხედარს, სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროს თანამშრომლები და სამართალდამცველები სოფელ შალაურში ეძებენ.
ცხედრის ძებნის აუცილებლობა მას შემდეგ დადგა, რაც ამავე სოფელში მცხოვრებმა ქალმა, მეგობარს, მზია ბედმანიკაშვილის სავარაუდო გარდაცვალების ისტორია მოუყვა.
დღეს, სპეციალისტებმა თითქმის ერთი ჰექტარი ფართობი დაათვალიერეს. სამართალდამცველები კი, სამხარაულის საექსპერტო ბიუროს წარმოადგენლის მიერ მითითებულ საეჭვო ადგილებს ტრაქტორით თხრიდნენ.
დაკარგული ქალის მეუღლე, ედიკ ბედმანიკაშვილი ამბობს, რომ საეჭვო ადგილიდან ამოღებულია მზია ბედმანიკაშვილის შავი, ნაცრისფერი ნაჭრით გაწყობილი ქოლგა და იმ კანფეტის ქაღალდები, რომელსაც გაუჩინარებული ქალი, ხშირად ჭამდა.
„ქოლგა არის ნაპოვნი და იმ კანფეტის ქაღალდები, რაც უყვარდა, მაგრამ მე მაინტერესებს ცხედრის პოვნა. ორი წელია, გაქრა ქალი და ხომ უნდა ვიცოდე, რა დაემართა. ზოგი მეუბნება, შენს ცოლს ცოტაოდენი ფული ჰქონდაო, მაგრამ არ ვიცი, ჰქონდა თუ არა. ჩამოვიდა ექსპერტი, თხრიან და ვნახოთ, მეც ველოდები"- ამბობს ედიკ ბედმანიკაშვილი.
ოჯახის ახლობლები ვარაუდობენ, რომ მზია ბედმანიკაშვილის გაუჩინარება, შესაძლოა, თანხას უკავშირდებოდეს.
„ჩვენ მაინც ვფიქრობთ, რომ ეს თანხას უკავშირდება. ცოტაოდენი, სამას ლარამდე თანხა ჰქონდა. ეს ქალი, ვინც მისი დაკარგვის ისტორია მოყვა, მთლად ფსიქიკურად ჯანმრთელი არ არის, მაგრამ ამხელა ამბავს ვერ მოიგონებდა, რაღაც უნდა იდგეს ამის უკან. თვითონ ახლა ფიცავს, ამბობს მაბრალებენო და არხეინად დადის"- ამბობს ოჯახის ახლობელი.
ქალი, რომელმაც ბედმანიკაშვილის სავარაუდო გარდაცვალების ამბავი, მეგობარს უამბო, ამავე სოფელში მცხოვრები, ქეთევან ფირანიშვილია.
რამდენიმე დღის წინ, ფირანიშვილმა მეგობარს მოუყვა, რომ დაკარგული ქალი გზაზე ნახა, თავისთან წაიყვანა და სამი დღე ჩაკეტილი ჰყავდა. გამოკეტილი ბედმანიკაშვილი გარდაიცვალა, რის შემდეგაც ფირანიშვილმა ცხედარი კაკლის ხის ძირში დამარხა.
დღევანდელი მდგომარეობით, ფირანიშვილი უარყოფს, რომ გაუჩინარებული ქალი გამოკეტილი ჰყავდა და მის გარდაცვალებასთან რამე კავშირი აქვს.
„მაბრალებენ, ვითომ მზია მოვკალი, არც ვიცნობდი, საერთოდ. გამგეობაში იძახდნენ, 800 ლარი ფული ჰქონდაო, არაფერი არ ვიცი და ნუ მაწუხებთ"- ამბობს ფირანიშვილი.
სოფელ შალაურში , ადგილობრივები ჰყვებიან, რომ ბედმანიკაშვილის გაუჩინარების დღეებში, ქეთევან ფირანიშვილის სახლიდან მუსიკის ხმა გამოდიოდა.
სოფელში არ გამორიცხავენ, რომ გამოკეტილი ქალი შესაძლოა, ყვიროდა, ან შველას ითხოვდა. ხმამაღალი მუსიკით კი, ფირანიშვილი, მისი ხმის გადაფარვას ცდილობდა.
სპეციალისტები თვლიან, რომ მზია ბედმანიკაშვილის ცხედრის სამძებრო სამუშაოები უნდა გაგრძელდეს, ამიტომ ექსპერტი და პოლიციის თანამშრომლები, ძიებას ხვალაც გააგრძელებენ.
შეგახსენებთ, თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ შალაურში მცხოვრები, 68 წლის მზია ბედმანიკაშვილი, 2020 წლის 16 ივლისს გაუჩინარდა.
გამოძიება მომხდარ ფაქტზე, სისხლის სამართლის კოდექსის 115- ე მუხლით მინდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ,.რომ ცხედრის აღმოჩენის შემთხვევაში, საქმე, სავარაუდოდ, გადაკვალიფიცირდება.
ავტორი: ხათუნა გულიაშვილი