ბადრი ესებუას საქმეზე შემდეგი პროცესი 13 მარტს ჩაინიშნა

ბადრი ესებუა

ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში "საქართველოს ბანკის“ დაყაჩაღებაში ბრალდებული ბადრი ესებუას საქმეზე შემდეგი სასამართლო პროცესი 13 მარტს ჩაინიშნა.

დღევანდელ პროცესზე ბრალდების მხარის მტკიცებულებები გამოიკვლიეს.

ამასთან, სასამართლომ ბრალდების მხარის მოწმეებს, მათ შორის, ყოფილ მძევლებს მოუსმინა.

სხდომას ბრალდებულიც ესწრებოდა.

საქმის პროკურორის, მირანდა წერეთლის შეფასებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არის მყარი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად. მისვე თქმით, კვლევისათვის აღებული სუნის ნიმუში ემთხვევა საქმეში არსებულ იმ ნიმუშებს, რომლებიც ამოღებული იყო შემთხვევის ადგილიდან.

,,ბრალდების მხარემ დღეს წარადგინა ახალი მტკიცებულება. ეს გახლავთ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა. ეს არის ერთ-ერთი ასევე მყარი მტკიცებულება ბრალდებულის მიმართ წარდგენილი ბრალდების დასასაბუთებლად და სხვა მტკიცებულებებთან ერთად როდესაც სასამართლო მისცემს შეფასებას მიიღებს შესაბამის გადაწყვეტილებას. კვლევისათვის აღებული სუნის ნიმუში ემთხვეოდა უკვე საქმეში არსებულ იმ ნიმუშებს , რომლებიც ამოღებულ იქნა შემთხვევის ადგილიდან უშუალოდ, ,,ფორცვაგენის“ და ,,ტოიოტა ჰაირუქსის“ მარკის ავტომანქანებიდან.

დღეს ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები, მათ შორის იყო ერთ-ერთი დაზარალებული ქალბატონი, რომელმაც სასამართლოს მიაწოდა ობიექტური ინფორმაცია ფაქტობრივი გარემოებების შესახებ, იმ მოვლენების შესახებ, რომლის შემსწრე და მონაწილეც თავად იყო, ეს პირი გახლდათ როგორც მძევალი . ასევე , ჩვენ გამოვკითხეთ მოწმეები, რომლებმაც სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებებში მიიღეს მონაწილეობა და დაადასტურეს მათი უტყუარობა,“ - აღნიშნა მირანდა წერეთელმა.

ბრალდების მხარისთვის ჯერჯერობით უცნობია თუ როდის მოხდება ბრალდებულის გადაყვანა ფსიქიატრიულ დაწესებულებაში.

,,წინასწარ ჩვენთვის ამის შესახებ ცნობილი არ არის, თუმცა ჩვენი მხრიდან შესაბამისი დოკუმენტი განჩინება გაგზავნილია და რა თქმა უნდა ჩატარდება ეს ექსპერტიზა,“- აღნიშნა საქმის პროკურორმა მირანდა წერეთელმა.