საიდუმლო ისტორიული საბუთი - როგორ ცდილობდა გიორგი XI იერუსალიმის ქართული მონასტრების დახსნას

საბ

XVII საუკუნეში მეფე გიორგი XI-ისა და ქართველი დიდებულების ძალისხმევით, იერუსალიმში ქართული მონასტრების ვალების დასაფარად 60 000 მარჩილი გამოიყო. თუმცა, მიუხედავად გაწეული ფინანსური ძალისხმევისა, სიწმინდეები ქართველთა მმართველობაში ვერ დაბრუნდა. ისტორიული დოკუმენტები ამ ნაკლებად ცნობილი ამბის საინტერესო დეტალებს გვიმხელს.

ვის და როგორ დარჩა ქართველთა ფულით გამოსყიდული მონასტრები იერუსალიმში?

ისტორიულ საბუთებში ზოგჯერ ისეთი ცნობები ინახება, რომლებიც მთელი ეპოქის მნიშვნელობას სხვაგვარად დაგვანახვებს.

XVII საუკუნის მეორე ნახევრით დათარიღებული გიორგი XI-ის „პირობის წიგნი“ ეხება იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსთან დადებულ შეთანხმებას, რომლის მიზანიც ქართული მონასტრების ვალების გასტუმრება და მათი დახსნა იყო.

დოკუმენტს ხელს აწერდნენ არა მხოლოდ მეფე გიორგი XI, არამედ სამეფო ოჯახის წევრები, ქართლის კათოლიკოსი ნიკოლოზი, ეპისკოპოსები და სამეფოს გავლენიანი დიდებულები. ეს გარემოება აჩვენებს, რომ საქმე მხოლოდ ერთი ადამიანის გადაწყვეტილებას არ ეხებოდა - ქართული მონასტრების გამოსყიდვის საკითხში ჩართული იყო არამხოლოდ ქართლის პოლიტიკური და საეკლესიო ელიტა ,არამედ მთელი მოსახლეობა.
პირობის წიგნში ერთ-ერთი ყველაზე საყურადღებო ცნობა კონკრეტული თანხაა. გიორგი XI-ისა და ქართლის უმაღლესი სასულიერო და საერო პირების მიერ იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსისადმი მიცემულ პირობის წიგნში დასახელებულია 60 000 მარჩილი - თანხა, რომელიც ქართული მონასტრების ვალების დასაფარად იყო განკუთვნილი: „რაც ვალი ჩვენს მონასტერს ემართა, სრულ ყველას გარდასაწყვეტლად მოგართვით სამოცი ათასი მარჩილი“.

მაგრამ დოკუმენტი ამით არ შემოიფარგლება. მასში აღწერილია გილანში აბრეშუმის შეძენა, იზმირში მისი გაყიდვა, თანხების გადაცემის პირობები და პატრიარქის პასუხისმგებლობა მონასტრების დახსნის საქმეში.

•აბრეშუმის გზა იერუსალიმისკენ

გიორგი XI-ის პირობის წიგნის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო მონაკვეთი აბრეშუმის ვაჭრობას ეხება.
დოკუმენტის თანახმად, მეფის კაცები გილანში ( ირანის პროვინცია) უნდა გამგზავრებულიყვნენ, რათა აბრეშუმი შეეძინათ. შემდეგ, ცხრა თვის ვადაში, მათ იზმირში უნდა ჩაეღწიათ და საქონელი გაეყიდათ. მიღებული თანხა კი ქართული მონასტრების დახსნას უნდა მოხმარებოდა.

საბუთში იხსენიება ბურსა და სტამბოლიც - ოსმალეთის იმპერიის მნიშვნელოვანი სავაჭრო და პოლიტიკური ცენტრები. ეს დეტალები გვიჩვენებს, რომ მონასტრების საკითხის მოსაგვარებლად მოქმედება დიდ მანძილზე იყო გადაჭიმული და სხვადასხვა ქალაქში მყოფ ადამიანთა თანამშრომლობას მოითხოვდა.
ამრიგად, იერუსალიმში ქართული მონასტრების ბედი გილანის აბრეშუმის ბაზარსა და იზმირის სავაჭრო სივრცესაც უკავშირდებოდა. მონასტრების დახსნის მცდელობა მხოლოდ საეკლესიო მოლაპარაკება არ იყო — იგი ეკონომიკურ რესურსებსა და შორეულ სავაჭრო კავშირებსაც ეყრდნობოდა.

პირობის წიგნში აბრეშუმის გაყიდვის გარდა სხვა თანხებიც არის მოხსენიებული.
დოკუმენტის თანახმად, პაპუას იზმირში უნდა ჰქონოდა ცამეტი ათასი ასლანი. როდესაც პატრიარქი ბურსაში ან სტამბოლში გაემგზავრებოდა, ეს თანხა მისთვის უნდა გადაეცათ.

ასევე ნახსენებია პაპა დანიელისთვის გადასაცემი თანხა, რომელიც მარიამობის თვის გასვლის შემდეგ უნდა მიეწოდებინათ.

ამ ცნობებიდან ჩანს, რომ ფინანსური შეთანხმება რამდენიმე ეტაპისგან შედგებოდა. თანხები სხვადასხვა ადგილას იყო განაწილებული, მათი გადაცემა კი კონკრეტულ პირობებსა და ვადებს უკავშირდებოდა.
დოკუმენტი ასევე ითვალისწინებდა შემთხვევას, თუ აბრეშუმის გაყიდვით მიღებული თანხა წინასწარ შეთანხმებულ ფასს ვერ მიაღწევდა. ასეთ შემთხვევაში პატრიარქს წერილობით უნდა ეცნობებინა დანაკლისის შესახებ, რათა ქართულ მხარეს დარჩენილი თანხა შეევსო.

ეს გარემოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: პირობის წიგნი არა მხოლოდ ფულის გადაცემას, არამედ ფინანსური ანგარიშგებისა და შეთანხმების შესრულების წესსაც განსაზღვრავდა.

რატომ იყო აუცილებელი პატრიარქ დოსითეოსის მონაწილეობა?

პირობის წიგნში გიორგი XI განსაკუთრებულად აღნიშნავს პატრიარქის ძალისხმევას. მეფის სიტყვებიდან ჩანს, რომ დოსითეოსმა ქართული მონასტრების საკითხის მოსაგვარებლად დიდი შრომა გასწია და მნიშვნელოვანი სირთულეები გადაიტანა.

მეფე მას მიმართავს, როგორც სულიერ მამას, და მოელის, რომ პატრიარქი თავის მხრივ ნაკისრ ვალდებულებას შეასრულებს და მონასტრების დახსნას ბოლომდე მიიყვანს.

დოკუმენტის დასასრულს გიორგი XI პირდაპირ აცხადებს, რომ გარიგებისა და მონასტრების გამოხსნის საქმე პატრიარქზეა დამოკიდებული. სანაცვლოდ კი თავადაც გამოთქვამს მზადყოფნას, საჭიროების შემთხვევაში, საკუთარი თავი და მამული საერთო საქმისთვის არ დაიშუროს.

ეს სიტყვები გვიჩვენებს ურთიერთვალდებულებას: საქართველოს სამეფო კარი იღებდა ფინანსურ ვალდებულებას, ხოლო პატრიარქს მონასტრების დახსნის საქმის დასრულება ევალებოდა.
მიუხედავად იმისა, რომ ქართველებმა ერთი შეხედვით ყველაზე მთავარი საკითხი - ფინანსური ვალდებულებების შესრულება- შეძლეს, რაც იმდროინდელი საქართველოსთვის საკმაოდ რთული ამოცანა იყო , პატრიარქ დოსიეთეოსთან მიმოწერებიდან ირკვევა რომ ქართულ მხარეს დაბრუნებული მონასტრების მართვისა და გამგებლობის მკაფიო გეგმა არ ჰქონდა.

ქართველები ვალებს იხდიდნენ და, წესით, გამოსყიდული მონასტრები მათ უნდა დაბრუნებოდათ, თუმცა, როგორც ჩანს, საქართველოდან ამ მიმართულებით ქმედითი ნაბიჯები არ იდგმებოდა.

ამის ერთ-ერთი თვალსაჩინო მაგალითია დოსითეოსის წერილი, რომელშიც იგი საქართველოს კათოლიკოსს სთხოვს, ერთი ბერძნულის მცოდნე ბიჭი მაინც გამოგვიგზავნეთ , რომ თქვენი წერილების წაკითხვა მაინც შევძლოთო.

მთელი ეს სურათი საკმაოდ უცნაურად გამოიყურება. ქართველები სახელმწიფოდან უკანასკნელ გროშებს აგროვებენ მონასტრების გამოსასყიდად, მაგრამ არსად არ ჩანს რაიმე ქმედება ამ მონასტრების ისევ ქართველთა მფლობელობაში დაბრუნებისათვის. საბოლოო ჯამში ზემოხსენებულიდან გამომდინარე, პატრიარქი დოსიეთეოსი ქართველების ფულით გამოსყიდულ ეკლესია-მონასტრებს იერუსალიმის ბერძნულ საპატრიარქოს იურისდიქციას დაუქვემდებარებს. ამრიგად ქართველთა ფულით გამოსყიდული ქონება ხდება იერუსალიმის ბერძნული საპატრირქოს საკუთრება. აქვე დავაკონკრეტებთ, რომ გარდა იმ ეკლესია-მონასტრებისა ,რომელიც საბერძნეთის ეკლესიას დარჩა, ქართველებს ჰქონდათ კიდევ მრავალი სხვა მნიშვნელოვანი მონასტერი, რომლებიც ასევე დარჩათ სომხებს, ლათინებს და სხვა კონფესიებს. ალბათ ასეთი უცნაური ისტორია ძნელად თუ მოიძებნება მსოფლიო ისტორიაში -ჯერ კიდევ მეოთხე საუკუნიდან ,არათუ იერუსალიმის მაშენებლები, არამედ „წმინდა მიწის“ იდეის შემქნელები იყვნენ ქართველები -დღეს კი მათ წმინდა მიწაზე ჩასვლა და იმ ადგილების მონახულებაც კი უჭირთ, სადაც მათი წინაპრების კვალი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა.

„პირობის წიგნი გიორგი XI ისა ნიკოლოზ კათალიკოზისა და ქართლის ეპისკოპოზ- დარბაისელთა იერუსალიმის პატრიარქ დოსითეოსისადმი ქართული მონასტრების დახსნის თაობაზე [1678-1688 წწ] ქ. წყალობითა ღმრთისათა, ჩუენ მეფემა გიორგი და ძემან ჩუენმა ბაგრატ და ძმამა ჩუენმა ლევან და ძმამა ჩუენმა სულეიმან და ქართლისა კათოლიკოზმა ნიკოლოზ,ბატონისშვილმა თეიმურაზ და ბატონისშვილმა აშოთან, ამილახორმა გივმა და პაპუნაბეგ და დიანბეგმა ვახტანგ, ერისთავმა დავით და ერისთავის შვილმა იასონ, მთავარეფისკოპოზმა ნიკოლოზ, თბილელ ეფისკოპოზმა იოსებ,მანგლელმა, მროელმა და სრულად ჩუენის საბატონოს ეფისკოპოზთა და დარბაისელთა, დიდმა და ცოტამ.

რადგან ინება ღმერთმა და ამდონი წყალობა გვიყო, ჩუენის მონასტრის დახსნა მოინდომეთ და მობრძანდით თქუენ ჩუენის მამის ალაგს მისაჩენელი ბატონი პატრიარქი დოსითეოს და ჩუენც დიდად თავს შევიდევით და ჩუენ ძმათა და ეფისკოპოზთა და დარბაისელთა, დიდთა და ცოტათა,დიდი სასჯელი ქმნა ჩუენთვის, ვითარცა მამამ შვილთმოყვარემ;

რადგან თქუენ ჩუენთვის და ჩუენისა მონასტრის გულისათვის ამდონს გაისაჯენით, ჩუენც თქუენი ბძანება გავათავეთ და რაც ვალი ჩვენს მონასტერს ემართა, სრულ ყველას გარდასაწყვეტლად მოგართვით სამოცი ათასი მარჩილი და გავგზავნეთ ჩუენი კაცები გილანს, აბრაშუმი უნდა იყიდონ და ცხრას თვეში უნდა იზმირს მივიდნენ; და როდისაც გაყიდნონ აბრაშუმი, ფასი ბატონმა პატრიარქმა უნდა გამოართვას თურამეტი ათასი ოთხასი და ორმოცი. და კიდევ აქუს პაპუასა იზმირს ცამეტი ათასი ასლანი;

როდისაც ბატონი პატრიარქი მიბრძანდეს ან ბურსას და ან სტამბოლს, უნდა მიართოას პაპუამ ის თეთრი გაურჯელად.

კიდევ მარიამობის თვეს გასულსა უნდა მივართოთ პაპა დანიელს ოთხი ათასი ექვსასი და სამოცი და სამი მარჩილი. აღებული რაც იყო, პატრიარქმა წაიღო ან იარაღი, ამისი ანგარიშით სულ სამოცი ათასი მარჩილი ქართლიდამე უნდა პატრიარქმა ამითი მონასტრები დაიხსნას.

აწე ღმრთის შეწევნითა უნდა რომე, მოიჭიროს პატრიარქმა და კიდეც უნდა დაიხსნას მონასტრები, რაც ვალები იყოს და რაც ან გილანს გაგვიგზავნია, ან რაც იზმირს არის, ეს ყველა უკლებლივ ბატონს პატრიარქს მიებაროს ამ ჩუენის კაცებისაგან, რომელსაც ალაგს პატრიარქი შეეყაროს, იქ უნდა მიართვას; და მარიამობის თვეს გასულსა, რომელიც დარჩა თეთრი, პაპა დანიელს მივაბაროთ და ერთი კაცი ჭკვიანი თან გავატანოთ, რომ არა დაამარცხონ რა.
და რაც ღირებული მივართვით პატრიარქსა, თუ სტამბოლს ჩუენ რომ დავაბარეთ, თუ იმ ფასად არ გაუყიდეს,რომელიც დააკლდეს და პატრიარქმა წიგნი მოგუწეროს, მივართვათ რაც ნაკლები მოვიდეს, ჩუენგან დაბარებულზე არა დავაკლოთ.

და რადგან დაისაჯა პატრიარქი ჩუენის გულისათვის და საქართველოს გულისათვის და თავის მადლისა ღმრთისა გულისათვის და დიდი ჭირი ნახა, ჩუენც ამას მოველით, რომ თავისი გარჯა და პირობა გავითაოს და ეს საქმე აღგვისრულოს; და ჩუენცა ჩუენი თავი და მამული თქუენად საკეთოდ არ დავზოგოთ და თქუენზეც ჩუენც სიკეთეს ვეცადოთ; და გარიგება და გამოხსნა თქუენზედ ჰკიდია.

და ეს პირი და წიგნი ვჰკადრეთ ჩუენს მლოცველსა და მამის ალაგს მისაჩენელსა, ბატონს პატრიარქსა.
ამის მოწამე პაპა ნიკოლოზ და პაპა დანიელი.“

წყარო: დედოფალი

„დედოფალი - სიხარულის მომნიჭებელი“ - ეს არის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატი „დედოფალი“, რომელიც თბილისში, ერთ-ერთ უბანში, ჩვეულებრივ საცხოვრებელ სახლშია დაბრძანებული. მას ორი ახალგაზრდა მცველი ჰყავს - რეჟისორი ზურაბ შიოშვილი და მუსიკოსი გიორგი ჭოლოკავა. ხატი აბსოლუტური ანალოგია ივერიონში დაბრძანებული დედა ხატის - ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა, რომელსაც „პორტაიტისა“ ეწოდება.
 
ხატისმცველები - გიორგი ჭოლოკავა და ზურაბ შიოშვილი ასევე ცნობილები არიან თავიანთი მრავალწლიანი კვლევებითა და პროექტებით, მათ შორის ისტორიული და სულიერი მნიშვნელობის ადგილების ძიებით (მათი ნაშრომები ეხება ისეთ თემებს, როგორიცაა „ქართული იერუსალიმი“ და ისტორიული ძეგლები). ისინი ხშირად სტუმრობენ სხვადასხვა მედიაპლატფორმასა და გადაცემას თავიანთი აღმოჩენებისა და ხატის შესახებ საზოგადოებისთვის ინფორმაციის გასაცნობად.

✕