ბაჩო ახალაიას 2,6 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა

ბაჩო ახალაია

კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდების საქმეზე სასამართლომ თავდაცვის ყოფილ მინისტრს, ბაჩო ახალაიას ორი წლითა და ექვსი თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

გადაწყვეტილება მოსამართლე რომეო ტყეშელაშვილმა გამოაცხადა.

ახალაია განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია. ის თავს წარდგენილ ბრალში უდანაშაულოდ მიიჩნევს.

დაცვის მხარის თქმით, ბაჩო ახალაიას განცხადება იყო პოლიტიკური შინაარსის და არა დამხობისკენ მოწოდება.

ბაჩო ახალაიას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 317-ე მუხლით ჰქონდა წარდგენილი, რაც საქართველოს კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლისა და სახელმწიფო ხელისუფლების დამხობისკენ მოწოდებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული სასჯელის ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.