1728312638
ახალი დეტალი დაჭრილების შესახებ, რომელთაგან ერთი ქალია
საგარეჯოში მომხდარ ტრაგედიაზე საგამოძიებო მოქმედებები აქტიურად მიმდინარეობს. ამ წუთებში გამოკითხვაზე იმყოფება თავდამსხმელის შვილი, რომელიც სროლის დაწყებისას მამასთან ერთად სახლში იმყოფებოდა. რა ინფორმაციას მიაწვდის მძიმე ამბის მთავარი თვითმხილველი სამართალდამცველებს, მოგვიანებით გახდება ცნობილი.
საგარეჯოში მომხდარი ტრაგედიის შედეგად 6 ადამიანი გარდაიცვალა და 5 დაშავდა. დაშავებულებს შორის ერთ-ერთი ქალია.
საგარეჯოს „ჯეო ჰოსპიტალსში“ აცხადებენ, რომ სროლის შედეგად დაშავებული პირების მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა.
კლინიკის ექიმის, მამუკა ოთიაშვილის ინფორმაციით, ორი პირის ოპერაცია დასრულდა, ორის კი ამ დროისთვის მიმდინარეობს. ერთი დაშავებული, რომელსაც თვალის ტრავმა აღენიშნებოდა, კატასტროფის ბრიგადამ თბილისში გადაიყვანა.
„ხუთი ავადმყოფის მდგომარეობა ამ ეტაპისთვის არის სტაბილურად მძიმე. ერთ-ერთი შემოყვანილი შედარებით მძიმეა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ოპერაციული მკურნალობა. სამ პაციენტს ჩაუტარდა ჭრილობის ქირურგიული დამუშავება და ამ ეტაპზე სტაბილურ მდგომარეობაში იმყოფებიან, ხოლო ერთს გაეწია შესაბამისი დახმარება და კატასტროფის ბრიგადის მიერ გადაყვანილია თბილისში. მას აღენიშნებოდა თვალის ზედაპირული ტრავმა. დაჭრილებს ძირითადად აღენიშნებათ ცეცხლსასროლით მიყენებული მრავლობითი ნაკვეთი ჭრილობები, მუცლის ღრუში შემავალი და ქვედა კიდურის ნაკვეთი ჭრილობები. ამ ეტაპისთვის ოთხი აგრძელებს მკურნალობას. ორის ოპერაციული მკურნალობა დასრულდა, ორი პაციენტის ოპერაციული მკურნალობა ამ ეტაპზე მიმდინარეობს“, – განაცხადა ექიმმა მამუკა ოთიაშვილმა.
თავდამსხმელმა, ყოფილმა სამხედრომ ცეცხლი რამდენიმე მხრიდან გახსნა. დაღუპულთა შორის არის საპატრულო პოლიციის თანამშრომელი. კრიტიკულია ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა. მის გადარჩენას ექიმები ამ წუთებში ცდილობენ. რაც შეეხება, თავდამსხმელს - სპეცოპერაციის დაწყებიდან მალევე მან თავი მოიკლა.