4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ ევა შაშიაშვილს პატიმრობა გირაოთი შეეცვალა

ევა შაშიაშვილი

4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულ დაკავებულ ევა შაშიაშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა 5 000-ლარიანი არასაპატიმრო გირაოთი შეეცვალა.

ევა შაშიაშვილი რუსთავის ქალთა პენიტენციურ დაწესებულებას უახლოეს წუთებში დატოვებს.

გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ გიორგი გელაშვილმა მიიღო.

სხდომას რუსთავის პენიტენციური დაწესებულებიდან ევა შაშიაშვილი დისტანციურად ესწრებოდა.

შაშიაშვილისთვის შეფარდებული პატიმრობის გირაოთი შეცვლის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მას შემდეგ მიმართა, რაც დაცვის მხარემ ბრალდებულის ჯანმრთელობის შესახებ დამატებითი დოკუმენტაცია წარუდგინა.

ათონელის სასახლესთან, 4 ოქტომბერს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით საერთო ჯამში სისხლისსამართლებრივ პასუხისგებაში 64 პირია მიცემული და მათი საქმეები 5 ეპიზოდად მიმდინარეობს.

ია დარახველიძე, გიორგი ჩახუნაშვილი და ევა შაშიაშვილი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები.