„ახალ წელს არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი...“ - ექიმი

ახალი წლის სუფრა

გერმანიაში მოღვაწე ქართველი ექიმი ლევან შელეგია, რომელსაც სოციალურ ქსელში „ექიმი ჰაუსის“ სახელით იცნობენ, ფეისბუკში მორიგ პოსტს აქვეყნებს, სადაც საზოგადოების იმ ნაწილს მიმართავს, ვისაც მატერიალური კრიზისი აქვს:

„სოციო-კულტურული გადახვევა

ნუ გახდებით სხვისი თვალის და პროვინციალიზმის მსხვერპლი ამ ახალ წელს, არ იყიდოთ არც გოჭი და არც ინდაური, არც ნიგოზი.

ისედაც ცეცხლის ფასები ადევს ყველაფერს.

სევდიანია, როცა ადამიანი კუჭის და სხვების გამო მერე მთელი იანვარ-თებერვალი წამალს ვეღარ ყიდულობს.

ვისაც შეგიძლიათ, ეს არ გეხებათ. მაგრამ მოსახლეობის უმეტესობას სამწუხაროდ არ შეუძლია.

მე არ ვარ მდიდარი ოჯახიდან, ერთი პატიოსანი ექიმის შვილი ვარ. არ გვქონდა ხოლმე ბნელ 90-იანებში არც ინდაურის და არც გოჭის სახსრები, რაც მე მთრგუნავდა, იმიტომ რომ აუცილებელი მეგონა და ამის ფონზე მრცხვენოდა.

ახლა აღარ ვარ ბავშვი, არამედ ჩამოყალიბებული, შემდგარი ადამიანი და გეუბნებით, რომ სირცხვილია მხოლოდ კუჭის დიქტატით ცხოვრება, თვალთმაქცობა, 24-საათი ქალების "კუხნაში" სულის ამოხდენა, ორგანიზმის განადგურება.

თუ საერთოდ არ გადარდებთ ახალი წელი, ჩემი არ იყოს, დაიკიდეთ ყველა და ყველაფერი და ადრე დაიძინეთ, უყურეთ ფილმს.

ეს ცხოვრება ძალიან მოკლეა იმისთვის, რომ სხვებისთვის ვიცხოვროთ!

ჯანმრთელობას, სულიერ სიმშვიდეს და გახსნილ გონებას გისურვებთ!“,- წერს ლევან შელეგია.