ზურაბ პატარაძე ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

პატარიძე

აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე ქობულეთის მუნიციპალიტეტში ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო.

მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ კულტურული და ისტორიული მემკვიდრეობის ძეგლების დაცვა, აღდგენა და შენარჩუნება რეგიონის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრიორიტეტია. მისივე თქმით, ხინოწმინდა დღეს უკვე არა მხოლოდ სულიერი ცენტრი, არამედ მთის აღორძინების, ისტორიული მემკვიდრეობის დაცვისა და კულტურული დიალოგის მნიშვნელოვანი კერაა.

ხინოს მონასტრის რეაბილიტაციას აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო რამდენიმე ეტაპად ახორციელებს. პირველ და მეორე ეტაპზე ნაეკლესიარზე განხორციელდა საკონსერვაციო სამუშაოები, რაც არსებული ისტორიული კედლების გამაგრებასა და გაწმენდას ითვალისწინებდა. ამჟამად მიმდინარეობს მესამე ეტაპი, რომლის ფარგლებში ტაძრის აღდგენითი სამუშაოები ხორციელდება. დასრულებულია ფასადის მოპირკეთება, მოწყობილია გუმბათი და შესრულებულია გადახურვის სამუშაოები. დარჩენილია შიდა ინტერიერის მოწყობა. პარალელურად მზადდება ტაძრის სამრეკლოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობის საპროექტო დოკუმენტაცია. სარეაბილიტაციო სამუშაოების სრულად დასრულება 2027 წლისთვის არის დაგეგმილი.

აჭარის მთავრობის მასმედიასა და საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ცნობით, ისტორიული ხეობის მდგრადი სოციალური, კულტურული და ტურისტული განვითარებისთვის ერთ-ერთ მთავარ პრიორიტეტად რჩება საავტომობილო გზის ინფრასტრუქტურის მოწესრიგება, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხო და კომფორტულ გადაადგილებას, ისე ხეობის ტურისტული პოტენციალის განვითარებას.

ხინოს მამათა მონასტერში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს მთავრობის თავმჯდომარესთან ერთად ქობულეთის დელეგატი საქართველოს პარლამენტში გიორგი ჭყონია, აჭარის მთავრობისა და ქობულეთის მუნიციპალიტეტის ხელმძღვანელი პირები, შესაბამისი მიმართულების წარმომადგენლებთან ერთად გაეცნენ.