წლევანდელი სეზონი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ძალიან აქტიური იქნება - ოზურგეთის მერმა ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაცია დაანონსა

რეაბილიტაცია

პანდემიის დასრულებასთან ერთად, წლევანდელი სეზონი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ძალიან აქტიური იქნება - ამის შესახებ ოზურგეთის მერმა, ავთანდილ თალაკვაძემ მერიის სხდომაზე განაცხადა. 

„აქტიურად მიმდინარეობს და მალე დასრულდება ზაფხულის სეზონისთვის მოსამზადებელი სამუშაოები ურეკსა და შეკვეთილში.  მოწესრიგდა პლაჟები, აშენდა ბულვარი, დამსვენებელთა უსაფრთხოებისთვის, სანაპიროზე შენდება სპეციალური კოშკურები, წესრიგდება კომერციული ინფრასტრუქტურა. პანდემიის დასრულებასთან ერთად, წლევანდელი სეზონი შიდა და საერთაშორისო ტურიზმის მხრივ ძალიან აქტიური იქნება.

ჩვენს მუნიციპალიტეტს აქვს საერთაშორისო დონის კულტურული ცენტრი - „ბლექ სი არენა“, რომელიც მაღალი დონის ღონისძიებებს მასპინძლობს. ასევე, სრულიად უნიკალური და განსაკუთრებული 

დენდროლოგიური პარკი, რომელიც გახსნიდან დღემდე უკვე მილიონობით ვიზიტორმა მოინახულა. ფონდი „ქართუს“ მიერ განხორციელებული ეს და სხვა შესანიშნავი პროექტები, ჩვენი მუნიციპალიტეტისთვის ქმნის ახალ, განსაკუთრებულ შესაძლებლობებს. უახლოეს პერიოდში ვგეგმავთ ზაფხულის სეზონის საზეიმო გახსნას, რომელსაც სპეციალური ღონისძიება და კონცერტი მიეძღვნება. მადლობა მინდა გადავუხადო კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის სამინისტროს, რომელიც მაქსიმალურად გვერდში გვიდგას“, - განაცხადა მერიის სხდომაზე ავთანდილ თალაკვაძემ.

ოზურგეთის მერის განცხადებით,  ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას იწყება. 

„გაგაცნობთ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს, რომელსაც ქალაქ ოზურგეთში განვახორციელებთ. საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში ვიწყებთ ექადიის ტყე-პარკის რეაბილიტაციას. პროექტის ღირებულება ერთ მილიონ ლარზე მეტს შეადგენს. მოგეხსენებათ, ექადიის ტყე-პარკი გამოირჩევა უნიკალური ეკოსისტემით. არსებული ლანდშაფტის და მწვანე ნარგავების სრული დაცვით და შენარჩუნებით, ჩვენ ვგეგმავთ, რეკრეაციული ზონების მოწყობას, სასეირნო ბილიკების გაკეთებას, დასასვენებელი სკამების და ლამპიონების მონტაჟს. მოქალაქეებისთვის შეიქმნება მაქსიმალურად კომფორტული გარემო დასვენებისთვის. მნიშვნელოვანია რომ ექადიის ტყე-პარკი გახდეს ქალაქის ერთ-ერთი გამორჩეული ლოკაცია და სანაპიროს ქუჩას საფეხმავლო ხიდით დაუკავშირდეს,“- აღნიშნა ოზურგეთის მერმა.