„პროექტმა „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ მასწავლა, სწორი მარკეტინგით როგორ შევძლო უფრო მიმზიდველი გავხადო ჩემი პროდუქცია“ – პროექტი ქალებისთვის და ქალებზე

პროექტი

„შანსი ყოველთვის ეძლევა ადამიანს და მე ამ შანსს აუცილებლად გამოვიყენებ“ - ამბობს ქრისტინე ძირკვაძე, გოგო ნასაკირალიდან, რომელიც თიხისგან სხვადასხვა ნივთებს ამზადებს და ოცნებობს, მომავალში საკუთარი საქმე ჰქონდეს.

ქრისტინე მონაწილეობდა პროექტში: „ოზურგეთში მცხოვრებ სხვადასხვა ეროვნების წარმომადგენელ ქალთა ეკონომიკური შესაძლებლობების გაძლიერება - შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“.

პროექტით გათვალისწინებული ყველა აქტივობა, იქნებოდა ეს პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტი, ტრენინგები თუ საინფორმაციო კამპანია, ბენეფიციარი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას ემსახურებოდა.

ქრისტინე რეპატრიანტი მესხებით დასახლებულ თემში ცხოვრობს, სწორედ მათგან გაიგო პროექტის შესახებ და მასში მონაწილეობა გადაწყვიტა.

„ბავშვობიდან ვხატავ, ვძერწავ. ძერწვა ჩემი დისგან ვისწავლე, ვხედავ, რომ ადამიანებს მოსწონთ ჩემი ნამუშევრები, ეს დადებით ემოციას და სტიმულს იწვევს ჩემში. თიხა ზოგადად რთული სამუშაოა, ფორმა რომ მისცე, ზოგჯერ კვირები გჭირდება, მინდა, რომ ფასი შევძინო ჩემს ნამუშევარს, მინდა, რომ ყურადღება მიაქციონ. არ მინდა მხოლოდ სახლში და სახლისთვის ვაკეთო, მინდა რომ სხვებმაც გაიგონ ჩემი ნამუშევრების შესახებ და რომ ეს იყოს ჩემი პროფესიაც და შემოსავლის წყაროც“ - ამბობს ქრისტინა და იმედი აქვს, რომ პროექტის ფარგლებში შეძენილი ცოდნა აუცილებლად დაეხმარება ჰქონდეს საკუთარი საქმე.

 

პროექტით კმაყოფილია კიდევ ერთი მონაწილე ეკატერინე ოსტროვსკი. ეკატერინე მხატვარ-მონუმენტალისტი და კერამიკოსია. „როგორც ყველა სფეროში დაზგურ გრაფიკასაც აქვს თავისი კანონები, თუ როგორ უნდა შეიქმნას ნამუშევარი, მაგრამ ამის ხიბლი სწორედ ისაა, რომ შეგიძლია დაარღვიო ეს კანონები, აკეთო ექსპერიმენტები და საბოლოო ჯამში, მიიღო რაღაც ახალი, განსხვავებული, რაც ზუსტად მიაწვდის მაყურებელს თუ რას განიცდი, როგორია შენი შინაგანი მდგომარეობა. პროექტი დამეხმარა სულ სხვა თვალით შემეხედა ამ საქმისთვის და იმედი მაქვს, რომ სწორი მარკეტინგით შევძლებ უფრო მიმზიდველი გავხადო ჩემი პროდუქცია“ - - სიამოვნებით ჰყვება თავისი საქმიანობის და მომავლის გეგმების შესახებ ეკატერინე.

მუდმივი სიახლეების ძიებამ დააკავშირა პროექტთან როზა მარიკიანი, რომელსაც სტილისტად მუშაობის 22 წლიანი გამოცდილება აქვს.

„რთული გზა გავიარე, თითქმის არაფრისგან ბევრი რამ შევძელი. ხშირად ვფიქრობ, რომ განვლილმა გზამ გამაძლიერა. სულ სიახლეზე ვფიქრობ, გავდივარ სხვადასხვა კურსებს, რომ კიდევ უფრო მეტი ვისწავლო ჩემს პროფესიაში. ქალებს სილამაზესთან ერთად მეტი დამოუკიდებლობა სჭირდებათ. რა თქმა უნდა ოჯახის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია“ - ამბობს როზა.

როზა მუნიციპალიტეტში სომხურ დიასპორას წარმოადგენს. მისი აზრით, მსგავსი პროექტები, სადაც ეთნიკური უმცირესობები მონაწილეობენ ძალიან მნიშვნელოვანია. „ჩვენ ერთმანეთს გამოცდილებას ვუზიარეთ, ასეთი პროექტები სომხურ დიასპორას ძალიან ეხმარება. ამ პროექტში მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოვიყენებ ჩემს საქმიანობაში“ - აცხადებს როზა და პროექტის გუნდს გაწეული სამუშაოსთვის მადლობას უხდის.

პროექტს „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის ქალებისთვის  „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.