„შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“ - ოზურგეთში ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენელი ქალებისთვის ტრენინგები ჩატარდა

პროექტი

ქალთა ეკონომიკური დამოუკიდებლობა გენდერული თანასწორობის მიღწევის ერთ-ერთი რეალური ბერკეტია. პროექტი, რომელსაც ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის წარმომადგენელი ქალებისთვის, „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს,  სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისკენაა მიმართული.

პროექტის ფარგლებში დაგეგმილი მრავალფეროვანი აქტივობები ტრენინგებსაც მოიცავს.

27-28  მაისს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერიის ქალთა ოთახში სხვადასხვა ეთნიკური ჯგუფის წარმომადგენელი ქალების მონაწილეობით და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის გენდერული საბჭოს მხარდაჭერით გამართული ტრენინგები სწორედ ქალთა ეკონომიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი ცოდნის შეძენას ემსახურებოდა. 

ტრენინგის მონაწილეებს მიესალმა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით დარჩია, რომელმაც განაცხადა, რომ მხარს დაუჭერს ქალთა პროფესიული განვითარებისა და მათი ეკონომიკური გაძლიერებისკენ მიმართულ ყველა ინიციატივას.

„ჩვენ მოხარულები ვართ, რომ დღეს ვმასპინძლობთ ამ მნიშვნელოვან ტრენინგს და წარმატებას ვუსურვებთ ყველა მონაწილეს. ადგილობრივი ხელისუფლებისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა გენდერული თანასწორობის მიღწევა, ამისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ ქალები იყვნენ ეკონომიკურად ძლიერები, ჰქონდეთ საკუთარი ბიზნესი და იყვნენ წარმატებული მეწარმეები. ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში ყველანაირ დახმარებას გავუწევთ ქალებს, რომ გაიუმჯობესონ უნარები, შეიძინონ ახალი ცოდნა. გვიგულეთ თქვენს გვერდით ყველა საინტერესო წამოწყებაში“ - მიმართა ტრენინგის მონაწილეებს დავით დარჩიამ.

ტრენინგი მოიცავდა ისეთ მნიშვნელოვან საკითხებს, როგორიცაა: ეფექტური ბიზნეს კომუნიკაცია და მედიასთან ურთიერთობა, საქმიანი იმიჯის ფორმირება, ფინანსები და საგადასახადო სისტემა შინდასაქმებულებისთვის. ტრენინგის მონაწილეები ასევე გაეცნენ მუნიციპალიტეტში დანერგილ მოქალაქეთა ჩართულობის ინსტრუმენტებსა და ელექტრონულ პლატფორმებს.

ტრენინგის მონაწილეებმა ერთმანეთს გაუზიარეს საკუთარი გამოცდილება, ისაუბრეს იმ საქმიანობების შესახებ, რომელიც საოჯახო მეურნეობის პირობებში ბიზნესად და შემოსავლის წყაროდ აქციეს.

ტრენინგის მონაწილეების თქმით, ექსპერტებისგან მიღებული ინფორმაციის გარდა, მათთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო ერთმანეთის გაცნობაც.

„შინსაქმეში ჩართულ ქალებს არ გვაქვს კავშირი ერთმანეთთან, და შესაბამისად, ვერ ვუზიარებთ ერთმანეთს ჩვენს გამოცდილებას. ეს ტრენინგი და ზოგადად პროექტი, კი ხელს გვიწყობს გვქონდეს საერთო სივრცე, სადაც ჩვენი საქმისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე, პრობლემებზე ვსაუბრობთ და ჩვენს გამოცდილებას ვუზიარებთ ერთმანეთს. ასეთი შეხვედრები ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.  ძალიან საინტერესო ინფორმაციები მივიღეთ ტრენერებისგან, ეს ჩვენთვის, როგორც მეწარმეებისთვის პრაქტიკული თვალსაზრისით ძალიან ღირებულია“, - ამბობს ტრენინგის მონაწილე ერთ-ერთი ქალბატონი.

„ძალიან საჭირო ინფორმაციები მოვისმინეთ ბიზნესის და გადასახადების საკითხებთან დაკავშირებით, მე მაგალითად, თურმე ბევრი რამ არ ვიცოდი. აქ მიღებული ცოდნა კი დამეხმარება, რომ უფრო თანამედროვედ და სწორი გათვლებით გავაგრძელო ჩემი საქმე, რისთვისაც დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის დამფინანსებლებს. ვისურვებდი, რომ მეტი ასეთი აქტივობა განხორციელდეს ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ქალებისთვის“ - ამბობს ტრენინგის კიდევ ერთი მონაწილე. 

პროექტს „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“  ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები ეთნიკური უმცირესობის თემის ქალებისთვის  „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“, „ქალთა ფონდის“ ხელშეწყობითა და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით ახორციელებს. 

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.