შინსაქმედან  მეწარმეობამდე - როგორ აქციეს სახლის საქმე ბიზნესად ოზურგეთელმა ქალებმა

ქალები

„მომცა საშუალება სწორი მიმართულება მიმეცა ჩემი ბიზნესისთვის... გამხადა უფრო დამაჯერებელი, უფრო ძლიერი...უკვე ზუსტად ვიცი რა მჭირდება, რომ ჩემი ბიზნესი გაფართოვდეს..თურმე რამდენიმე რამე არ ვიცოდი...“ - ასე აფასებენ ოზურგეთელი ქალები პროექტს „შინსაქმე ვაქციოთ პროფესიად“, რომელიც არასამთავრობო ორგანიზაციამ „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი - სიპისი“ „ქალთა ფონდისა“ და ევროკავშირის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.

პროექტით გათვალისწინებული ყველა ღონისძიება, იქნებოდა ეს პროფესიულ სასწავლებელში ვიზიტი, ტრენინგები თუ საინფორმაციო კამპანია, ყველა აქტივობა ბენეფიციარი ქალების ეკონომიკური გაძლიერებისთვის აუცილებელი უნარების გამომუშავებას ემსახურებოდა.

პროექტში ოზურგეთის მუნიციპალიტეტში მცხოვრები სხვადასხვა ეროვნების ქალები მონაწილეობდნენ, თითოეულ მათგანს უკვე ჰქონდა საკუთარი საქმე და ახლა, პროექტის ფარგლებში მიღებული ცოდნით ფიქრობენ, რომ მეტს შეძლებენ, რადგან როგორც სოფელ გურიანთაში მცხოვრები მზია შარაშიძე ამბობს, პროექტმა უფრო კარგად დაანახა პრობლემაც და ისიც, რომ მონდომების და სწორად დაგეგმვის შედეგად, მისი ბიზნეს იდეის განხორციელებას წინ აღარაფერი დაუდგება.

მზიას საკუთარ სახლში ჩურჩხელების საწარმო აქვს გახსნილი. მას ამ საქმეში ოჯახის წევრები ეხმარებიან. მან თავისი საქმე უკვე აქცია პროფესიად და ახლა ბიზნესის გაფართოებაზე და საკუთარი შინსაქმის ტურისტულ ბრენდად ჩამოყალიბებაზე ოცნებობს.

„საინტერესო ადამიანებთან მაქვს  ურთიერთობა და ამაყი ვარ ამით. ჩემი პროდუქცია უფრო და უფრო განვითარდა და მრავალფეროვანი გახდა. ძალიან მომწონს ჩემი საქმიანობა, დილის 9-ის ნახევარზე რომ ვიწყებ, ღამის 2 საათამდე ვაგრძელებ ამ საქმეს“ - ამბობს მეწარმე ქალბატონი.

მზია საქმეს სიყვარულით აკეთებს. მან თავის ჩურჩხელებს სახელებიც კი დაარქვა. მასთან შეგიძლიათ შეიძინოთ „გოზინაყები, გორგოლაჭები და სხვადასხვა ჩირზე დამზადებული ჩურჩხელები.“ 

„ძალიან შრომატევადია ჩემი საქმიანობა, მაგრამ შვილებთან ერთად ამ ყველაფერს თავს ვართმევ. გვინდა ყველა მომხმარებელი ჩვენგან კმაყოფილი წავიდეს. მინდა ტურისტებიც მოვიზიდო და მასტეტკლასები ჩავატარო მათთვის“ - ამბობს მეწარმე.

შარაშიძეების საწარმოს საკუთარი გერბიც აქვს, რომელიც ასევე მზიას დიზაინით არის შექმნილი.

პროექტის კიდევ ერთი მონაწილე მესხი საიდა ხოზაძეა, რომელიც შინამეურნეობას ეწევა და სურს ეს საქმე ბიზნესად აქციოს. საიდაც აქტიურად იყო ჩართული პროექტის აქტივობებში და ახლა იმედი აქვს, რომ მიღებულ ცოდნას აუცილებლად გამოიყენებს და საკუთარ მცირე მეურნეობას უკვე ტრენინგებზე მიღებული ცოდნის გამოყენებით გააფართოებს.

საიდა საკუთარი მეურნეობის გარდა სამოქალაქო აქტივიზმითაც არის დაკავებული და მის დასახლებაში მცხოვრებ იმ ქალებს, რომლებმაც ქართული არ იციან, სახელმწიფო ენის სწავლაში ეხმარება.

„ჩვენს თემში ქალებმა არ იციან ქართული ენა. გვყავს აზერბაიჯანული თემიდან მოყვანილი რძლები, რომლებმაც საერთოდ არ იციან ქართული. კარგი იქნება თუ მსგავსი ტრენინგები ჩატარდება ჩვენს თემშიც. ამ ტრენინგებით ქალები ისწავლიან, რომ მათ მხოლოდ სახლის საქმეები კი არა, სხვა მნიშვნელოვანი საქმეებითაც შეუძლიათ დაკავდნენ. მიხარია რომ ეს პროექტები არსებობს. მადლობას ვუხდი მათ, ვინც ამ პროექტებს ქმნის და ჩვენ ქალებს გვეხმარება, რომ ვიყოთ ძლიერები. მინდა ქალებს ვუთხრა, არ იყოთ უსუსურები, უნდა სცადოთ, თუ არ გამოგივიდეთ, მაინც სცადეთ, საბოლოოდ, მე მჯერა რომ გამოგივათ. მე მჯერა რომ ყველა ქალს გამოუვა, რაც აქვს ჩაფიქრებული“ - ამბობს საიდა ხოზაძე.

მზია და საიდა ბევრი ქალისთვის იქნებიან მაგალითის და სტიმულის მიმცემი, რომ საქმე, რომელიც დღეს შეიძლება მხოლოდ საოჯახო ყოველდღიურობა და რუტინაა, მომავალში შეიძლება საკმაოდ წარმატებული ბიზნესი და შემოსავლის წყარო გახდეს.

პუბლიკაცია შექმნილია ევროკავშირის მხარდაჭერით, მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „თანამონაწილეობისა და ჩართულობის ცენტრი „სიპისი“ და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირის შეხედულებებს.