1754759209
"ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სახელმწიფო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ასეა" - გურამ მაჭარაშვილი ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფ ნასამართლევ უკრაინელებზე

თბილისი კიევის კონკრეტულ ნაბიჯს ელოდება. როდის დატოვებს საქართველოს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიას მძიმე კრიმინალური წარსულის მქონე 87 პირი, ისევ უცნობია. საქართველო, უკრაინისგან ე.წ. ნეიტრალურ ზონაში მყოფი მოქალაქეების დაუყოვნებლივ გაყვანას ითხოვს და უარს ამბობს, "დარიალის" სასაზღვრო გამშვები პუნქტიდან, ქვეყნის ტერიტორიაზე შემოუშვას მძიმე და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულებისთვის გასამართლებული პირები.
თბილისმა კიევს უკვე შესთავაზა საკუთარი მოქალაქეების უსაფრთხო გაყვანის მექანიზმები ჰაერით და ზღვით. თუმცა უკრაინული მხარე ბოლო განცხადებაში მხოლოდ იმას ამბობს, რომ ტრანზიტზე მუშაობს. ვიდრე პროცესი ჭიანურდება, საქართველოს ხელისუფლება კიდევ ერთხელ ამბობს, რომ არ აპირებს ქვეყნის უსაფრთხოება და მართლწესრიგი საფრთხის ქვეშ დააყენოს.
"ნებისმიერ სამართლებრივ სახელმწიფოში, სახელმწიფო უსაფრთხოება არის ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი. რა თქმა უნდა, საქართველოშიც ასეა. მათ შორის, საზღვრების კონტროლი. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინის სახელმწიფო, რუსეთის ფედერაცია, გერმანიის თუ ნებისმიერი სახელმწიფოს მხრიდან მოქალაქეების შემოსვლა, ბუნებრივია, კონტროლდება საქართველოს შესაბამისი უწყებების მხრიდან. ჩვენ ვიცით, რომ უკრაინელები არიან, ამ შემთხვევაში, საზღვართან. უწყების მიერ არსებობს შესაბამისი ინფორმაციები, რომლებიც საჭიროებს გადამოწმებას. ამიტომ, ამ საკითხთან დაკავშირებით გარკვეული ტიპის მანიპულაციები უკვე მოძველებული მეთოდებია. ნებისმიერი ქვეყნიდან, ეს იქნება უკრაინა თუ სხვა, ნებისმიერი ტიპის მოქალაქეზე ხდება ინფორმაციის შესწავლა და აქედან გამომდინარე ხდება გადაწყვეტილების მიღება", - განაცხადა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის ”ხალხის ძალის” თავმჯდომარის მოადგილემ, გურამ მაჭარაშვილმა.