„მიყვარხართ მა, არ შეგარცხვენთ“ - რას წერდა უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილი შვილებს

ქართველი უკრაინაში

უკრაინაში, ირპენში დაღუპული ქართველი მებრძოლის 51 წლის დავით გობეჯიშვილის დედა ეთერი ბერია, ფოცხოეწერის დევნილთა დასახლებაში (წალენჯიხის მუნიციპალიტეტი) წლებია ცხოვრობს.

იგი 2021 წლამდე, რამდენიმე წელი დევნილთა დასახლების რწმუნებული იყო.

„რა ვთქვა არ ვიცი. როგორ დამწყვიტე გული დათო ძმაო შოკში ვარ, კიდევ ერთი ქართველი გმირი დავკარგეთ...

ნათელი და სანთელი შენს უკვდავ სახელს, სამშობლოს დიდებისთვის დაღუპულო ჩვენო რაინდო..ვუთანაგრძნობ მთელ საქართველოს და ჩვენს დასახლებას...

ეთერი დეიდა მთელი გულით ვიზიარებ ამ უდიდეს ტკივილს ..უფალს ებარებოდეს დათოს ვაჟკაცური სული...“, - წერენ სოციალურ ქსელში დასახლებაში მცხოვრები დევნილები.

ახლობლების თქმით, აფხაზეთიდან დევნილ ეთერ ბერიას, დათოს გარდა კიდევ 2 შვილი ჰყავს. დათო გობეჯიშვილს ოჯახი ტყიბულში ჰყავს, მეუღლე და 2 შვილი. ბოლოს მას ოჯახთან კონტაქტი პარასკევს ჰქონდა.

„შვილებს წერდა: მიყვარხართ მა, არ შეგარცხვენთ, არ შეგეშინდეთო...“, - ამბობს უკრაინაში დაღუპული დავით გობეჯიშვილის ცოლი.

დავით გობეჯიშვილი აფხაზეთიდან დევნილი იყო და სულ 4 დღის ჩასული იყო უკრაინაში.