ხარაგაულში უხვი ნალექის გამო ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც იპოვეს

ხარაგაული

ხარაგაულში უხვი ნალექის გამო ხეობაში დარჩენილი მესამე პირიც იპოვეს. ოლეგ კოჩაძეს, რომელსაც საკრაულას ხეობაში ნახირი ჰყავდა, რამდენიმე დღე ვერ უკავშირდებოდნენ.

მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, თავდაცვის ძალების და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ, ხეობის დათვალიერება დრონებით ხდებოდა. სწორედ, მათ მიერ მოხდა პირის ადგილსამყოფელის დადგენა.

კადრებში ჩანს, რომ მწყემსი ტერიტორიაზე უვნებლად გადაადგილდება. ამ დროისთვის ჯგუფი აღნიშნული ტერიტორიისკენ მიემართება, საჭიროების შემთხვევაში მისი გამოყვანა მოხდება.

ხარაგაულის მუნიციპალიტეტში, საკარაულას ხეობაში, სამ პირთან დაკავშირება რამდენიმე დღე ვერ ხდებოდა. ორი პირის ადგილსამყოფელზე მაშველები რამდენიმე დღის წინ მივიდნენ, მესამეს კი ამ დრომდე ეძებდნენ. სამუშაოებში ადგილობრივებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლები, დრონებით და სპეცტექნიკით იყვნენ ჩართულები.