დაშავებულთა შორის 15 წლის ბიჭია - რა ახალი დეტალები ხდება ცნობილი ისრაელში მომხდარ თავდასხმაზე

ტერაქტი ისრაელში

ისრაელის ქალაქ ჰაიფაში ტერორისტული თავდასხმის შედეგად 70 წლის კაცი დაიღუპა, სულ მცირე, ოთხი ადამიანი კი, დაშავდა. დაშავებულთა შორისაა 15 წლის ბიჭი, რომელმაც სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიიღო.

დაშავებულები საავადმყოფოში გადაიყვანეს. 15 წლის ბიჭს სასწრაფო ოპერაცია ჩაუტარდა, ექიმების შეფასებით, მისი მდგომარეობა სტაბილურია.

თავდამსხმელს ავტობუსის სადგურის დაცვის თანამშრომელმა და შეიარაღებულმა გამვლელმა ესროლეს და მოკლეს. 

პოლიცია მომხდარს ტერორისტულ აქტად აფასებს.

არსებული ცნობებით, პოლიციამ ბრალდებულის სახლში ჩხრეკა ჩაატარა და მისი ოჯახის წევრები დაკითხა.

ბრალდებულის ოჯახი უარყოფს, რომ მან თავდასხმა ტერორისტული მოტივით მოაწყო და ამბობს, რომ მას ფსიქიატრიული აშლილობა ჰქონდა.

ისრაელის მედიასთან საუბრისას თვითმხილველმა თქვა, რომ ბრალდებულმა თავდასხმამდე "ალაჰუ აკბარ!" (ღმერთი უდიდესია) იყვირა.