„როგორ მეგონა ცოცხალს გნახავდით...“ - 15 წლის მოზარდს გლოვობენ
1745520694
საქველმოქმედო ფონდ "აფხაზის" აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ფაილოძე
- როგორ გაჩნდა ფონდის იდეა და რა მიზნით?
- საქველმოქმედო ფონდი „აფხაზი"-ს იდეა ჩვენს სამეგობროში 10 წლის წინ გაჩნდა. ჩვენი სურვილი იყო დავხმარებოდით ჩვენს აფხაზ და-ძმებს და აღგვედგინა ურთიერთობები, სწორეს ამ დროს გავიგეთ რეფერალური პროგრამის შესახებ - საქართველოში არსებობს მკურნალობის რეფერალური პროგრამა, რომელიც გულისხმობს აფხაზეთსა და სამაჩაბლოში მცხოვრები ხალხის მკურნალობის დაფინანსებას საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან. იმისათვის, რომ ადამიანმა მიიღოს სამედიცინო მომსახურება, დრო და რესურსებია საჭირო, ამიტომ გადავწყვიტეთ ჩვენი დახმარება გამოხატულიყო იმაში, რომ ეს ადამიანები უზრუნველგვეყო საცხოვრებლით, ტრანსპორტით, საკვებით და სხვა საჭირო რესურსებით. ეს საკმაოდ დიდ ხარჯებთან არის დაკავშირებული, მაგრამ ამავდროულად გვაძლევს საშუალებას უფრო ახლოს გავიცნოთ ერთმანეთი, დავახლოვდეთ და ადამიანურ დონეზე კეთილგანწყობა გავზარდოთ, რაც, დამეთანხმებით, ადვილი არ არის ომისა და რუსული ოკუპაციის პირობებში.
რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გვინდოდა პოლიტიკის მიღმა აგვეშენებინა ურთიერთობები, როდესაც ჩვენი საერთო მიზანია აფხაზეთისა და ოსეთის დაბრუნება და ქვეყნის გამთლიანება, ჩვენ ერთად თანაცხოვრება უნდა შევძლოთ. ეს ხომ მხოლოდ ტერიტორიის დაბრუნება არ არის. ამიტომ, მიუხედავად ყველაფრისა რაც მოხდა, უნდა მოვახერხოთ თანაცხოვრება, რაშიც ადამიანური ურთიერთობები არის გადამწყვეტი.
- როგორ ფინანსდება ფონდი, რა არის თქვენი შემოსავლების ძირითადი წყარო?
- უკვე 10 წელზე მეტია ფონდს აფინანსებენ ჩვენი მეგობრები - ის ადამიანები, ვინც იზიარებს ჩვენს სულისკვეთებას და აქვს სურვილი ამ საერო საქმეში წვლილის შეტანის. მინდა ვისარგებლო შემთხვევით და დიდი მადლობა გადავუხადო მათ ამისთვის. ამ წლების განმავლობაში, ფონდის მეგობრების ქსელი შევქმენით (დაახლოებით 350 ადამიანი), რომლებიც ყოველთვიურად რიცხავენ სხვადასხვა თანხას. ამ ეტაპზე გვაქვს საკმაოდ ამბიციური გეგმები, რომელთა განხორციელებისთვისაც ფონდს ესაჭიროება დამატებითი ფინანსური დახმარება, რათა უფრო აქტიურად გააგრძელოს თავისი საქმიანობა.
- 10 წელზე მეტია, ამ საქმიანობას ეწევით, რამდენი ადამიანის დახმარება მოახერხეთ ამ წლების განმავლობაში? (სტატისტიკა)
- თავიდან, როდესაც დავიწყეთ, ძალიან რთული იყო, რადგან იყო გარკვეული შიშის მომენტები. რეფერალური პროგრამის ბენეფიციარები ერიდებოდნენ უშუალო კონტაქტში შემოსვლას. სწორედ ეს იყო ჩვენი თავდაპირველი მიზანი - გვეჩვენებინა ჩვენი აფხაზი დებისთვის და ძმებისთვის, რომ ჩვენ ერთი ქვეყნის შვილები ვართ და რაც მოხდა ჩვენს შორის გარე თუ შიდა მტრების გამო, უნდა ვეცადოთ ყველასათვის იმ მტკივნეული პერიოდის დავიწყებას.
მადლობა ღმერთს, ეს შევძელით და დროთა განმავლობაში ყველაფერი შეიცვალა, გაჩნდა ნდობა და ბენეფიციარების რიცხვი გაიზარდა. ჯამში დაახლოებით 700 პაციენტსა და მათ ოჯახებს ვუმასპინძლეთ. ჩვენი აფხაზი და-ძმების რიცხვი, რომლებიც სარგებლობენ მკურნალობის რეფერალური პროგრამით, ყოველდღე იზრდება. შესაბამისად, იქმნება კეთილგანწყობილი და მადლიერი ადამიანების საკმაოდ ფართო წრე, რაც აუცილებლად ხელს შეუწყობს საქართველოს გამთლიანებას.
- როგორ ეძებთ ოკუპირებულ აფხაზეთში ადამიანებს? ან როგორ გიკავშირდებიან ისინი? ვიცით, რომ მათ პრობლემებიც ექმნებათ ამ ჩამოსვლისა და მკურნალობის გამო...
- ჩვენ გვყავს კოორდინატორი, ქალბატონი ირმა ოსია, რომელსაც ასევე უდიდესი მადლობა მინდა გადავუხადო იმ ფასდაუდებელი საქმისთვის, რომელსაც წლებია ასე უანგაროდ აკეთებს. მას უკავშირდებიან აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები და ქალბატონი ირმა მათ აწვდის ინფორმაციას ჩვენს შესახებ - რომ შეუძლიათ ჩამობრძანდნენ ჩვენთან და მშვიდად და უსაფრთხოდ იცხოვრონ ჩვენს სასტუმროში, რამდენი დროც დასჭირდებათ. ეს ადამიანები ერიდებიან მედიასთან საუბარს, ჩვენც მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ მათ პრობლემები არ შეექმნათ. მათი ვინაობა არის სრულად კონფიდენციალური. საქართველოში მკურნალობის შესახებ ისინი ღიად არც ოკუპირებულ აფხაზეთში საუბრობენ, თუმცა ახლობლებმა და ნათესავებმა იციან, რომ ისინი ქართველმა ექიმებმა გადაარჩინეს და რა თქმა უნდა, მადლიერები არიან. ეს კი ყველაზე დიდი სტიმულია ჩვენთვის, რომ არ გავჩერდეთ.
- ყველაზე ხშირად რა პრობლემების მქონე ადამიანები ჩამოდიან სამკურნალოდ?
- ოკუპირებული აფხაზეთიდან თბილისში სამკურნალოდ ძირითადად გადაუდებელი და ონკოლოგიური დაავადებების დროს ჩამოდიან, თუმცა ასევე გვქონია ბევრი შემთხვევა, როდესაც ოფთალმოლოგიური ან პედიატრიული მომსახურების მისაღებად ჩამოსულან. ბავშვებისთვის ყურადღების მიქცევა ყოველთვის უდიდესი სიამოვნებაა, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც სასიკეთო შედეგებს ვხედავთ.
- სახელმწიფოს როლი როგორია? ვიცით, რომ არსებობს ჯანდაცვის პროგრამები, რომელსაც აფინანსებს.
- დიახ, როგორც მოგახსენეთ, არის ოკუპირებული ტერიტორიებიდან დროებით გადაადგილებულთა და იქ მცხოვრებთათვის მკურნალობის სახელმწიფო რეფერალური პროგრამა. გარდა ამისა, სახელმწიფო ხელს უწყობს სხვადასხვა მისიებს, მაგალითად, გაეროს მისიას, რომელსაც ასევე აქვს სხვადასხვა პროგრამები ჩვენი აფხაზი და ოსი და-ძმების ხელშეწყობისთვის. ასევე, როგორც იცით, დაანონსებულია სახელმწიფო საგრანტო პროგრამის შექმნა ქართული არასამთავრობო ორგანიზაციების ხელშეწყობის მიზნით, რომელიც ძალიან დაეხმარება ჩვენს საქმეს. დიდი სურვილი გვაქვს, პირველი სწორედ ჩვენმა ფონდმა ისარგებლოს ამ პროგრამით. ჩემი აზრით, ეს იქნება სიმბოლური აქტი საქართველოს გაერთიანების საქმეში.
- თქვენი გეგმები?
- პირველ რიგში მინდა აღვნიშნო, რომ რეფერალური პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ოსეთში მცხოვრებ ან დროებით გადაადგილებულ ადამიანებს. ჩვენ, როდესაც გადავწყვიტეთ საქველმოქმედო ფონდის დაფუძნება, სამწუხაროდ ვერ შევძელით ორივე ოკუპირებულ ტერიტორიაზე გაგვერცელებინა ჩვენი მცირედი დახმარება. აფხაზეთი ავირჩიეთ, გამომდინარე იქიდან, რომ უფრო მეტი შეხების წერტილები გვქონდა მთელს გუნდს. პირადად ჩემი გვარის წარმომავლობაც აფხაზურია, კერძოდ სამურზაყანოდან, რაც უფრო დიდ სტიმულს მაძლევს.
რაც შეეხება უშუალოდ საქველმოქმედო ფონდ "აფხაზს", როგორც მოგახსენეთ, ჩვენი ამოცანაა პოლიტიკური პროცესების მიღმა ადამიანური ურთიერთობების გაღრმავება. ამ მიზნით ჩვენი გეგმაა მთელი ქვეყნის გაერთიანება იმ საქმის გარშემო, რასაც საქართველოს გამთლიანება ჰქვია. გვინდა ყველა რეგიონს მივაწვდინოთ ხმა, რომ დავეხმაროთ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ და-ძმებს. ამიტომ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ გავზარდოთ საქმიანობის სფერო და სამი ახალი მიმართულებით დავიწყოთ ურთიერთობების გაღრმავება. ესენია: სპორტი, ხელოვნება და განათლება, რაც გულისხმობს სხვადასხვა ღონისძიებების ორგანიზებასა და გაცვლითი პროგრამების დანერგვას. ვფიქრობთ, ეს დიდი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება სუფთა ფურცლიდან ურთიერთობების დასაწყებად.
აუცილებლად მინდა მოგახსენოთ ჩვენი ყველაზე დიდი სურვილისა და ოცნების შესახებ - ეს არის ერთ-ერთი უძველესი ტაძრის აღდგენა, რომელიც აფხაზეთის ტერიტორიაზეა, ამ ეტაპზე აფხაზურ მხარესთან გვაქვს მოლაპარაკებები და დეტალებს სამომავლოდ აუცილებლად გაგიზიარებთ.
ეს ტაძარი ერთად უნდა აღვადგინოთ საქართველოს გამთლიანების აღსანიშნავად. ეს იქნება ყველაზე დიდი მიღწევა და გვირგვინი ჩვენი საქველმოქმედო წამოწყებისა!
თუ გაქვთ სურვილი დაეხმაროთ აფხაზეთში მცხოვრებ ადამიანებს სხვადასხვა დაავადებების სამკურნალოდ, თანხის ჩარიცხვა შეგიძლიათ შემდეგ ანგარიშებზე:
თიბისი ბანკი - #GE07TB7644736020100005
საქართველოს ბანკი - #GE11BG0000000571369800