შეიძლება თუ არა გარდაცვლილი ადამიანის ნივთების გამოყენება

სამკაულები

ნებისმიერ ადამიანს გარდაცვალების შემდეგ მოხმარებისთვის გამოსადეგი უამრავი პირადი ნივთი, ტანსაცმელი და აქსესუარი რჩება, თუმცა, სიტუაციიდან გამომდინარე, ხშირად მათ გამოყენებას ერიდებიან:

ერთნი რელიგიური წარმოდგენებით ხელმძღვანელობენ, მეორენი გადამდებ მძიმე ენერგეტიკას იშველიებენ საბაბად, ზოგიერთებს კი, უბრალოდ, გული არ მისდით იმაზე, რომ გარდაცვლილი ადამიანის ნივთები გამოიყენონ. შევეცდებით, ამ საკითხს სხვადასხვა რაკურსით შევხედოთ.

მართლმადიდებელი ეკლესიის შეხედულება

მართლმადიდებელი ღვთისმსახურები გარდაცვლილის ტანსაცმლისა და აქსესუარების ტარების ნებას იძლევიან და იწონებენ კიდეც ასეთ ფაქტებს. ადრე არსებობდა ჩვეულება – ამ ქვეყნიდან წასული ადამიანების ქონება უპოვრებისთვის გაენაწილებინათ. ეს, როგორც წესი, ეკლესიების სიახლოვეს ხდებოდა, ადამიანის გარდაცვლებიდან 40 დღის გასვლის შემდეგ. ლოგიკა მარტივია – გაჭირვებულებს ნებისმიერი ნივთი სჭირდებათ და ისინი მათ პატრონს დალოცავენ და კეთილი სიტყვით მოიხსენიებენ.

ამიტომაც ამის საპირისპირო ჩვეულებას – ტანისამოსის დაწვას – ეკლესია კატეგორიულად კრძალავს. ეს არა მარტო უსარგებლოა, არამედ გარდაცვლილის ხსოვნასაც შეურაცხყოფს, ცუდის მომასწავებლად ითვლება. არც ის იქნება კარგი, თუ ოჯახის წევრები ამ ნივთებს 40 დღის გასვლამდე გასცემენ, სანამ ამ ქვეყნიდან წასული ადამიანის სული ჯერ კიდევ დედამიწაზეა.

რას ამბობენ ექსტრასენსები?

ექსტრასენსები დარწმუნებულები არიან, რომ ყველაფერი, რასაც ადამიანი გარდაცვალებამდე იყენებდა, მისი ენერგიითა დამუხტული, გარკვეული ინფორმაციის მატარებელია. ადამიანის გარდაცვალებით ნივთის ენერგეტიკა უცბად არ ქრება, ამიტომაც ეს საკითხი მათთვის საკმაოდ სადავოა, თუმცა უმრავლესობა იმ აზრს ემხრობა, რომ ყოველი ნივთის ენერგეტიკული ფონი უნდა შემოწმდეს. ერთ რამეზე კი ყველა თანხმდება – კატეგორიულადაა აკრძალული იმ ტანსაცმლის დატოვება და მოხმარება, რომელიც ადამიანს სიცოცხლის ბოლო წუთებში ეცვა.

ექსტრასენსები გარდაცვლილის ახლობლებს ურჩევენ, თუ ამა თუ იმ ნივთის ენერგეტიკული ფონის დადგენას ვერ შეძლებენ, საკუთარ გრძნობებს ენდონ და გადაწყვეტილება ამ საკითხის შესახებ ისე მიიღონ. თუ იცნობდით გარდაცვლილს და იგი კარგი, ნათელი და კეთილი პიროვნება იყო, მაშინ ანალოგიური ენერგეტიკა ექნება მის დანატოვარ ნივთებსაც.

როგორ მოვეპყროთ გარდაცვლილის ნივთებს?

მართლმადიდებელი მღვდლები რეკომენდაციას იძლევიან, ტანსაცმელს გამოყენებამდე ნაკურთხი წყალი მივასხუროთ.

მნიშვნელოვანია: არ შეიძლება მიცვალებულის ნათლობის ჯვარი უცხო ადამიანების ხელში მოხვდეს, არც ის შეიძლება, რომ მისი ოჯახის წევრებმა ან ახლობლებმა ატარონ! ოპტიმალური ვარიანტია – შევინახოთ ჯვარი სამახსოვროდ, ან მიცვალებულს თან ჩავაყოლოთ.

თუ გარდაცვლილის ნივთს რაიმე მატერიალური ღირებულება აქვს (მაგ., სამკაული, ტექნიკა), ან ჩვენთვის ძვირფასია, როგორც მოსაგონარი, აუცილებლად უნდა დავიტოვოთ. მთავარია, გულსა და გრძნობებს მივენდოთ. თუ არ შიშობთ, რომ ნივთი (ნივთები) რაიმე უბედურებას, ავადმყოფობას ან ნეგატიურ ემოციებს მოგიტანთ და გულით გინდათ მისი დატოვება, თამამად გამოიყენეთ და კეთილი სიტყვით მოიხსენიეთ ხოლმე მისი (მათი) ყოფილი მფლობელი, რომელიც უკვე თქვენ გვერდით აღარაა.