თბილისის ზოგიერთ ქუჩას წყალი დილამდე შეუწყდა - ნახეთ, მისამართები
1732300350
გუდაურში მომხდარი ტრაგედიიდან 40 დღე გავიდა. 8 ოჯახის ცხოვრება 29 ივლისს განვითარებულმა მოვლენებმა სამუდამოდ შეცვალა.
„პრაიმტაიმი“ ერთ-ერთი გარდაცვლილი პილოტის, დიმიტრი ქააძის მეუღლეს ესაუბრა. ანა გელოვანი ქმართან ბოლო კონტაქტს იხსენებს.
„ბოლოს შესვენებაზე ამოვიდა სახლში, წაიხემსა და ისევ წავიდა. რომ ვკითხე, როდის მოხვალ მეთქი, ჩვეულებრივ, 6 საათზეო. 5 საათზე დავაპირე დარეკვა, თან სოციალურ ქსელში შევედი, ნიუსი ვნახე... რაღაცას მივხვდი, დავრეკე და გათიშული ჰქონდა ტელეფონი.
ტელევიზორი ჩავრთე, კადრებიც ვნახე. დიმაც არ მპასუხობდა... ბოლოს, დღის 2 საათზე ვნახე.
ერთხელ დამესიზმრა, თავის ბიჭებს ეძებდა. სამსახურში ვიყავით და ოთახში რომ შევედი, იქ იყო. სხვა ბიჭებიც იყვნენ და მანიშნეს, არ შეიმჩნიო, რომ გარდაცვლილიაო. დიმა, აქ რა გინდა-მეთქი რომ ვკითხე, ლევანი სად არისო, მკითხა. რომ ვუთხარი ლევანი არ იყო, ფანჯარაში გაიხედა და ბორტს დაუწყო ძებნა. 01 იკითხა, 01 რეგლამენტზე დგას მეთქი, ვუთხარი. არა, არ დგას, ესეი იგი, სიმართლე იყო რომ ჩამოვვარდითო? კი, წადი შენს ბიჭებთან მეთქი...
ერთი ბიჭი გვყავს, 12 წლის ნიკოლოზი. წარმატებული მოსწავლეა, სუხიშვილების აკადემიაში ცეკვავს, დიმა შვილით ძალიან ამაყობდა.
29 ივლისს საქართველოში მძიმე დღე გათენდა. ცნობილი გახდა, რომ გუდაურის მიმდებარე ტერიტორიაზე, პარაპლანით ფრენის დროს, 2 პირი კლდოვან ფერდობზე ჩამოვარდა. მათ გადასარჩენად სამაშველო ოპერაციაში ჩაერთო სასაზღვრო პოლიციის კუთვნილი ვერტმფრენი, რომელმაც ღონისძიების მიმდინარეობისას მართვა დაკარგა და ჩამოვარდა.
სოციალურ ქსელებში ფაქტის ამსახველი კადრები გავრცელდა, რომელმაც ქვეყანა შეიძრა.
ვერტმფრენის ბორტზე იმყოფებოდა ეკიპაჟის 4 წევრი: ეკიპაჟის მეთაური მფრინავი – ზაზა ლორია; მფრინავი – დიმიტრი ქააძე, მფრინავი – ანდრო ქუჯაშვილი, მფრინავი – ლევან ჩოხელი. ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 2 მაშველი: გიორგი მარგიანი, კახა ტორჩინავა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის 2 მედიკოსი: ქეთევან გულაშვილი და გიორგი ვენეცკი.
ქვეყანაში გლოვის დღეები გამოცხადდა... გმირები სამების საკათედრო ტაძრიდან უკანასკნელ გზაზე გააცილეს და სამხედრო პატივით დაკრძალეს.
საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებით, სამაშველო ოპერაციისას დაღუპულები მედლით „სამოქალაქო თავდადებისთვის“ დაჯილდოვდნენ.
ცნობისთვის, ვახტანგ გომელაურმა გუდაურთან მომხდარი ტრაგედიის დროს დაღუპული მფრინავები და მაშველები I ხარისხის მედლით - ,,განსაკუთრებული დამსახურებისათვის“ დააჯილდოვა.
საქართველოს პრემიერ-მინისტრის ბრძანებით, გმირულად დაღუპულების ოჯახებს 100 ათასი ლარი გადაეცა