როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა და რისი მიღება არ შეიძლება ამ პერიოდში - ექიმების რჩევები

კვება

როგორ უნდა იკვებებოდეს მეძუძური დედა და რა არ შეიძლება მან ამ პერიოდში მიირთვას - საკითხზე, "რუსთავი 2-ის" გადაცემა "ექიმებში ისაუბრეს.

როგორც ექიმებმა განმარტეს, დედამ რაც არ უნდა ჭამოს, მის რძეში აუცილებლად იქნება ყველა ის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მინერალები და ვიტამინები, რაც ბავშვს სჭირდება.

დედის რძე ცოცხალი ორგანიზმია და მას ახასიათებს ის, რომ როდესაც ბავშვი იზრდება დედის რძის შემადგენლობაც იცვლება. ამ შემადგენლობას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვის განვითარების ეტაპებისათვის. დედას, როდესაც ის ლაქტაციის პერიოდშია, უფრო მეტი შიმშილის გრძნობა ეუფლება, რადგან სხვისი გამოკვება საკუთარი ორგანიზმით, დედას, რა თქმა უნდა, აცლის ენერგიას. ამ შემთხვევაში, დედამ აუცილებლად უნდა გაკონტროლოს კვების რეჟიმი და რაციონი მრავალფეროვანი უნდა იყოს. დედებმა 500 კილო კალორიით მეტი უნდა მიირთვან, ვიდრე არა მეძუძურებმა. ეს ყველაფერი ხდება 6 თვემდე, ამის შემდეგ, შესაძლებელია ბავშვს მყარი საკვები მისცე.

რა არ უნდა მიიღოს მეძუძურმა დედამ - ექიმები ამბობენ, რომ ეს არის პირველ რიგში ალკოჰოლი, რადგან ის ამცირებს რძის რაოდენობის წარმოქმნას, ასევე ცვლის მის ბიოქიმიურ შემადგენლობას. ერთი ჭიქა ღვინის შემთხვევაშიც კი, აუცილებლად იცვლება რძის შემადგენლობა. თუ მაინც მიიღებთ ალკოჰოლს, 3 საათის განმავლობაში პატარას ძუძუ არ უნდა აწოვოთ, ამის შემდეგ ალკოჰოლი ორგანიზმიდან გამოდის, თუმცა რძე უნდა გამოიწველოთ, სანამ ბავშვს აჭმევთ.

რაც შეეხება კოფეინს - ის რძეში სისხლით ხვდება, თუმცა კვლევებით დადასტურებულია ის ფაქტი, რომ დედის რძეში მხოლოდ 1% კოფეინი გადადის. ასე, რომ თუ კოფეინი ბავშვის ძილის რეჟიმზე არ მოქმედებს, დედებს თავისუფლად შეუძლიათ ერთი ფინჯანი ყავის დალევა, ეს სასურველია მოხდეს დილით. 

რა უნდა იყოს მეძუძური დედის კვების რაციონში

OMEGA 3 - რომელიც თევზში დიდი რაოდენობით შედის. ამიტომ, სავალდებულოა, რომ მეძუძურმა დედამ კვირაში 2-3-ჯერ მაინც თევზი მიირთვას. OMEGA 3 წარმოადგენს ნივთიერებას, რომელიც მონაწილეობს ორგანოგენეზის განვითარებაში და ჩამოყალიბებაში.

ხილი და ბოსტნეული - ვიტამინებისა და მინერალების საბადო, რომელიც სასარგებლოა როგორც ჩვენთვის, ასევე ჩვენი პატარების ჯანმრთელობისთვის.მაგრამ, თუ მეძუძურმა დედამ მიირთვა ფერადი, როგორც ხილი, ასევე ბოსტნეული, შესაძლოა რძემ ფერი იცვალოს. ამიტომ, ეს არ უნდა გაგიკვირდეთ.