მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
მთქნარება ყველაზე ხშირად ძილის ნაკლებობის, ერთფეროვანი ყოველდღიურობის, დაღლილობისა და მოწყენილობის ფონზე გვეწყება ხოლმე. თუმცა, როგორც სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ეს ერთი შეხედვით უბრალო, რეფლექსური სუნთქვითი აქტი, შესაძლოა, სხვადასხვა დაავადების ნიშანი იყოს. სწორედ ამიტომ, მეცნიერებმა ჯანმრთელობის 6 სამედიცინო მდგომარეობა გამოჰყვეს, რომელზედაც, შესაძლოა, ხშირი მთქნარება მიუთითებდეს და რომელიც უყურადღებოდ არ უნდა დავტოვოთ.
1. ექიმების თქმით, ხშირი მთქნარება, შესაძლოა, ძილის აპნოეზე მიუთითებდეს. აპნოე ზედა სასუნთქ გზებთან დაკავშირებული დარღვევაა, რომლის დროსაც ძილში ადამიანი სუნთქვას 10 წამის განმავლობაში წყვეტს. ჩრდილოეთ ამერიკაში ჩატარებულმა კვლევამ აჩვენა, რომ მამაკაცების 20-30%-ს და ქალების 10-15%-ს სხვადასხვა სიმძიმის აპნოე აქვს. როგორც სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, როდესაც აპნოეს ეპიზოდების რაოდენობა საათში ხუთს აჭარბებს, შესაძლოა, ჯანმრთელობას სერიოზული ზიანი მიადგეს. ძილის აპნოეს საშუალო და მძიმე ფორმების მკურნალობისას ყველაზე ხშირად ე.წ. PAP თერაპიას იყენებენ. ამ დროს მძინარე პაციენტს სპეციალურ ნიღაბს უმაგრებენ, რომლის საშუალებითაც მას წნევა უწყვეტად მიეწოდება და რომელიც მას სასუნთქი გზების დახშობისგან იცავს.
2. ასევე, სამედიცინო სფეროს წარმომადგენლების თქმით, ხშირი მთქნარება, შესაძლოა, ენდოკრინულ სისტემასთან დაკავშირებულ ისეთ პრობლემაზე მიუთითებდეს, როგორიც ჰიპოთირეოზია. ჰიპოთირეოზი ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითებაა, რომელსაც გულისცემის შენელება, სხეულის ტემპერატურისა და არტერიული წნევის დაქვეითება ახასიათებს. ამ დროს თავს იჩენს ქოშინი, მუდმივი დაღლილობა და ძილიანობა, რაც ხშირ შემთხვევაში მთქნარების სურვილს აჩენს.
3. როგორც ექიმები ამბობენ, ხშირი მთქნარება, შესაძლოა, ღრმა დეპრესიაზე, სტრესსა და შფოთვით აშლილობაზე მიუთითებდეს. საქმე ისაა, რომ ასეთ დროს ორგანიზმი დიდი რაოდენობით კორტიზოლს ანუ სტრესის ჰორმონს გამოიმუშავებს, რომელიც მთქნარების პროვოცირებას იწვევს.
4. ხშირი მთქნარება, შესაძლოა, ანემიაზე მიუთითებდეს. ანემია სისხლის დაავადებაა, რომელიც მთელს მსოფლიოში მილიონობით ადამიანს აწუხებს. ანემიის დროს ორგანიზმში სისხლის ჯანსაღი, წითელი უჯრედების ნაკლებობაა. მას ქრონიკული დაღლილობა, სისუსტე, თავის ტკივილი და თავბრუსხვევა ახასიათებს. ანემია ხშირად მაშინ ვითარდება, როდესაც ტვინსა და გულს არასაკმარისი რაოდენობის ჟანგბადი მიეწოდება. ექიმების თქმით, ჟანგბადის ნაკლებობის გამო, სხეული მთქნარებას იწყებს იმ იმედით, რომ ეს ჟანგბადით მომარაგებას შეუწყობს ხელს.
5. როგორც სამედიცინო სფეროს ექსპერტები ამბობენ, ხშირი მთქნარება, შესაძლოა, გულის უკმარისობაზე მიგვანიშნებდეს. გულის უკმარისობა თავს იჩენს მაშინ, როდესაც გულის კუნთი სისხლის ისე ვერ ტუმბავს, როგორც ეს საჭიროა. შესაბამისად, გული ორგანიზმისთვის საჭირო რაოდენობის სისხლის მიწოდებას ვერ ახერხებს.
6. და ბოლოს, ექიმები აღნიშნავენ, რომ ხშირი მთქნარება, შესაძლოა, გაფანტული სკლეროზის ერთ-ერთი ნიშანი იყოს. გაფანტული სკლეროზი ცენტრალური ნერვული სისტემის დაავადებაა, რომელიც ტვინის სხვადასხვა უბნის დაზიანებას იწვევს. ეპიდემიოლოგიური მონაცემებით, გაფანტული სკლეროზი ქალებს სამჯერ უფრო ხშირად ემართებათ, ვიდრე მამაკაცებს. როგორც სპეციალისტები განმარტავენ, თუ მთქნარება დაღლილობით ან ძილის უკმარისობითაა გამოწვეული, მაშინ ექიმის ჩარევა საჭირო არ არის, მაგრამ თუ ის სხვა თანამდევი სიმპტომების ფონზე ჩნდება, ეს უკვე სახიფათოა და ყურადღება უნდა მივაქციოთ.