მკვლელობა ვარკეთილში - ექსკლუზიური კადრები, სადაც ტრაგედიამდე დაწყებული დაპირისპირებაა ასახული
1734982482
კესარია აბრამიძის მკვლელობაში ბრალდებულმა დღეს დუმილი სასამართლოში დაარღვია. ბექა ჯაიანმა მკვლელობა აღიარა, თუმცა უარყო, რომ დანაშაული გენდერის ნიშნით ჩაიდინა.
ბექა ჯაიანმა დღეს კიდევ ერთი ბრალდება, კესარია აბრამიძეზე ძალადობა უარყო. პროკურატურის ინფორმაციით კი, აბრამიძე, მეგობარი მამაკაცის მხრიდან მუდმივად იყო ფსიქოლოგიური და ფიზიკური ძალადობის მსხვერპლი.
სიტყვის უფლებით ბექა ჯაიანს არ უსარგებლია და ძირითადად მოსამართლის მიერ დასმულ შეკითხვებს პასუხობდა.
კესარია აბრამიძის მკვლელობის საქმეზე დაკავებულმა, ნაფიცი მსაჯულების ვერდიქტზე უარი თქვა და განაჩენი სასამართლოს მიანდო.
ნაფიც მსაჯულებზე ჯაიანის უარი, მკაცრი სასჯელის თავიდან აცილების მცდელობაა - ასე ფიქრობს მოკლულის ოჯახი. სასამართლო პროცესს, დარბაზში კესარია აბრამიძის დედა, და და მეგობრები ესწრებოდნენ. დაზარალებული მხარე დამნაშავის უვადო პატიმრობას ითხოვს.
განაჩენის გამოცხადებამდე, 6 იანვარს საქმის არსებითი განხილვა დაიწყება. ბექა ჯაიანის დაცვის მხარე კონკრეტულ მტკიცებულებებზე, ამ ეტაპზე არ საუბრობს. აღკვეთი ღონისძიების გადახედვის შუამდგომლობა, ადვოკატებს, მოსამართლემ არე დაუკმაყოფილა. ბრალდებული კვლავ 2 თვიან პატიმრობაში დატოვა.
კონკრეტულ მტკიცებულებებზე საუბრობს ბრალდების მხარე. საქმის პროკურორი "კურიერთან" განმარტავს, რომ გარემოებები, რომლებიც გამოძიებისას გამოიკვეთა, ბექა ჯაიანის დანაშაულს, ყველა წარდგენილ ბრალში ადასტურებს. გრიგოლ ნიშნიანიძის თქმით, საქმეში დევს ვიდეო, აუდიო ჩანაწერები, ასევე კესარია აბრამიძის და მისი მეგობარი მამაკაცის მიმოწერები.
37 წლის კესარია აბრამიძე, 18 სექტემბერს საკუთარ ბინაში მოკლული ნახეს. მას სხეულზე 28 ჭრილობა ჰქონდა. სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს, აბრამიძის მეგობარი მამაკაცი. ბექა ჯაიანს გამოძიება, გენდერის ნიშნით, განსაკუთრებული სისასტიკით, დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობას და მსხვერპლის სისტემატურად ცემას ედავება. ბრალი 20 წლამდე ან უვადო პატიმრობას ითვალისწინებს.