ზუსტად იმ მომენტში, როცა საჭიროა საზოგადოების ერთიანობა და საქმეზე კონცენტრირება, ვხედავთ ოპოზიციას და ენჯეოებს, რომლებიც ზურგში დანას სცემენ ქართულ საზოგადოებას - შალვა პაპუაშვილი

 შალვა პაპუაშვილი

სტიქიასა და ამ მიმართულებით დეზინფორმაციულ კამპანიაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის განცხადებით, გურიაში ბევრ სოფელთან კავშირი უკვე აღდგენილია. მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები.

მისივე თქმით, პრემიერ-მინისტრი, რომელიც ადგილზეა, პროცესს თავად ხელმძღვანელობს, ოპოზიცია და "ენჯეოები" კი ცდილობენ პანიკა დათესონ. მისივე თქმით, სტიქიური მოვლენებისას დეზინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხია.

"საზოგადოება ხედავს, რომ მიდის ინტენსიური გაწმენდითი სამუშაოები. პრემიერ-მინისტრი იმყოფება ადგილზე. ყველას, ვისაც აქვს საჭიროებები, მათ შორის, პირველადი დანიშნულების, შესაბამისად მიეწოდებათ. ამ პროცესში მეხანძრე-მაშველებთან ერთად ჩართულია პოლიციის, თავდაცვის სამინისტროს დანაყოფები, ექიმები. პროცესი მთლიანად კონტროლის ქვეშ არის და ის სამუშაოები მიდის, რაც საჭიროა.

ამასთან ერთად, ცდილობენ აშკარა ცრუ ინფორმაციის გავრცელებით დათესონ პანიკა, შეიტანონ დაბნეულობა საზოგადოებაში. განზრახ ხდება მანიპულაციის გავრცელება, შემდეგ კომენტარების ველის ჩაკეტვა იმისათვის, რომ ამ მანიპულაციას რაიმე საფრთხე არ შეექმნას. ამ ქვეყანაში რამდენიმე ორგანიზაცია არსებობს, რომლებიც მილიონებს იღებს უცხოეთიდან დეზინფორმაციის, მანიპულაციის, კონტექსტიდან ამოღებული ნარატივების გავრცელებაში და დაკავებულები არიან ხოლმე რაღაც სხვა თემებით. როდესაც ხდება ასეთი სტიქიური მოვლენების დროს დეზინფორმაციის გავრცელება, ეს, მათ შორის, სახელმწიფო უსაფრთხოების საკითხიც არის. სად იყვნენ ეს დეზინფორმაციის მამხილებელი ენჯეოები? ჩუმად იყვნენ, რადგანაც ისინი მონაწილეები არიან ამ დეზინფორმაციული ქსელის," - აცხადებს შალვა პაპუაშვილი.