ზელენსკის გადაწყვეტილება ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა, ჩვენი სურვილია, თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ეს ქვეყანა ახლა არის ომში - ირაკლი კობახიძე

თავმჯდომარე

ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი, თუმცა, ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან ეს ქვეყანა ახლა არის ომის რეჟიმში, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა ირაკლი კობახიძემ პარლამენტში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

„რაც შეეხება უკრაინის პრეზიდენტის გადაწყვეტილებას მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით, მე არ მინდა ღრმად შევიდე ამ თემაში ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ საქმე ეხება იმ ქვეყნის პრეზიდენტს, რომელიც ომის მდგომარეობაშია, მაგრამ ზოგადად, ხელისუფლების ეს პოზიცია ჩვენთვის არის შეურაცხმყოფელი. შეურაცხმყოფელი იყო ის, რომ როგორც თავადვე აღიარეს ჩვენმა ოპონენტებმა, უკრაინის ხელისუფლების ყოფილი მაღალჩინოსნები ჩართულები იყვნენ სააკაშვილის საქართველოში გამოგზავნაში და დღეს, როცა იგივე ხელისუფლება ითხოვს სააკაშვილის უკრაინაში დაბრუნებას, ეს რა თქმა უნდა შეიცავს შეურაცხყოფის ნიშნებს. ამაზე ღრმად მე არ მინდა შევიდე. ჩვენი სურვილია, რომ თუნდაც ცალმხრივი მეგობრობის რეჟიმში დავრჩეთ უკრაინასთან, რადგან იმიტომ, ეს ქვეყანა ახლა არის ომის რეჟიმში“,- აღნიშნა კობახიძემ.

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, მიხეილ სააკაშვილი უკრაინას გადასცეს. უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს კი დაავალა, რომ დაიბაროს უკრაინაში საქართველოს ელჩი, რათა გამოხატონ მკაცრი პროტესტი და სთხოვონ მას 48 საათის განმავლობაში დატოვოს უკრაინა, რათა კონსულტაციები გამართოს თბილისში.