ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი არასამთავრობო სექტორი - გიორგი შარაშიძე

გიორგი შარაშიძე​

გაერთიანებული სამეფოს მიერ, ქართული არასამთავრობო ორგანიზაციებისთვის გრანტის სახით 100 000 გირვანქა სტერლინგის გამოყოფის გადაწყვეტილებას მიესალმება ოპოზიცია.

ხელისუფლების ოპონენტები ამბობენ, რომ პროგრამის მიზანი, დემოკრატიული პროცესების ხელშეწყობაა.

პარტიის "ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი კაპანაძის განცხადებით, "ქართულ ოცნებას" არ მოსწონს ბრიტანეთის გადაწყვეტილება, რადგან მათ ქვეყანაში სამოქალაქო სექტორისა და ოპოზიციური პარტიების გაქრობა სურთ.

"დიდი ბრიტანეთის შემდგომი ნაბიჯები იქნება ჩვენი საზოგადოებისთვის ხელშეწყობა, მათ შორის სამოქალაქო სექტორისთვის ხელშეწყობა, კრიტიკული მედიის განვითარება, ქვეყნის დახმარება, მაგრამ როგორც ჩანს, ეს არ მოსწონს არალეგიტიმურ "ქართულ ოცნებას", რომელსაც სურს გააქროს სამოქალაქო სექტორი, პოლიტიკური პარტიები", - განაცხადა გიორგი კაპანაძემ.

პარტიის "გახარია საქართველოსთვის" პოლიტიკური საბჭოს წევრის, გიორგი შარაშიძის განცხადებით, ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი არასამთავრობო სექტორი, ამიტომ დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი 100 000 ფუნტი "ქართულ ოცნებას" პრობლემებს უქმნის.

"საქართველოში დემოკრატიული რეფორმების განვითარებას აქამდეც მხარს უჭერდა დიდი ბრიტანეთი, ბუნებრივია არც დღეს არ აპირებს იზოლაციაში დატოვოს "ოცნება", რომ კომფორტულ გარემოში გააგრძელოს არჩევნების გაყალბება.

მათ, დიდი ბრიტანეთის მიერ გამოყოფილი 100 000 ფუნტიც კი გარკვეულ პრობლემებს უქმნის, მაგრამ ჩვენ მოქალაქეებს უნდა შევახსენოთ, რომ ყველა დემოკრატიულ ქვეყანაში უნდა არსებობდეს ძლიერი არასამთავრობო სექტორი", - განაცხადა გიორგი შარაშიძემ.