ვსაუბრობ იმ ქვეყნის სახელით, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთხელ გამოცადა რუსეთის ომის სისასტიკე - თამარ ტალიაშვილის გამოსვლა ევროპის საბჭოში

ტალიაშვილი

უკრაინა-რუსეთის ომი და რეგიონში არსებული რთული ვითარება იყო ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ქალ პარლამენტართა ჯგუფის შეხვედრის მთავარი თემა. შეკრებილებს სიტყვით მიმართა ქართული დელეგაციის წარმომადგენელმა.

განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ხაზი გაუსვა უკრაინის მხარდაჭერის მნიშვნელობას. თამარ ტალიაშვილმა ყურადღება გაამახვილა რუსეთის მიერ წარმოებულ დეზინფორმაციულ პროპაგანდაზეც, რომლის მიზანიც საქართველოსა და უკრაინის მეგობრობისათვის ჩრდილის მიყენებაა.

"მე აქ წარმოვადგენ საქართველოს დელეგაციას, ვსაუბრობ იმ ქვეყნისა და ხალხის სახელით, რომელმაც საკუთარ თავზე არაერთხელ გამოცადა რუსეთის აგრესიული ომის სისასტიკე. მე თვითონ ვარ მოწმე ბევრი ტკივილის ჩემი ბავშვობისა და სიყრმის ასაკიდან. ეს ტკივილი გვაერთიანებს ქართველებსა და უკრაინელებს. დღეს ჩვენ ვკონცენტრირდებით ამ ომის უმძიმესი ჰუმანიტარული შედეგების განეიტრალიზებაზე. თუმცა, არსებობს კიდევ მნიშვნელოვანი პოლიტიკური და დიპლომატიური საკითხები, რომელიც არსებითია ომის დასრულებისა და მშვიდობის აღდგენისათვის. ჩვენ უნდა გავაკეთოთ ჩვენი მაქსიმუმი ამ კრიზისის შესაჩერებლად და უკრაინის გვერდში დგომისათვის. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ ჩვენს უკრაინელ მეგობრებს საქართველოში ჰქონდეთ ყველაფერი რაც სჭირდებათ. საქართველოში მთავრობასთან ერთად მუნიციპალიტეტებიც ჩართული არიან ჰუმანიტარულ ძალისხმევაში, მაგალითად, თბილისის მერი პირდაპირ კომუნიკაციაშია კიევის მერთან და ვფიქრობ, რომ მუნიციპალიტეტების დონეზეც ბევრი მნიშვნელოვანი მხარდაჭერის განხორციელება არის შესაძლებელი,"-განაცხადა თამარ ტალიაშვილმა.