„მოსალოდნელია თოვლი... ტემპერატურა -12 გრადუსამდე დაეცემა“ - მომდევნო დღეების ამინდის პროგნოზი
1795293887
Channel 12-ის ცნობით, ისრაელის სამხედრო დაზვერვამ პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ გასულ კვირას გამართულ შეხვედრაზე გააფრთხილა, რომ ირანზე ისრაელის თავდასხმამ, შესაძლოა, უფრო ფართომასშტაბიანი რეგიონული კონფლიქტი გამოიწვიოს, რომელშიც ლიბანი, სირია და ღაზის სექტორიც ჩაერთვებიან.
ებრაული ტელეკომპანიის ცნობით, გაფრთხილება გასულ კვირას დახურულ კარს მიღმა გამართულ შეხვედრაზე გაჟღერდა, რომელსაც ნეთანიაჰუ და თავდაცვის სფეროს მაღალჩინოსნები ესწრებოდნენ. ბოლო კვირების განმავლობაში შეხვედრებზე ისრაელის მიერ ირანის წინააღმდეგ შესაძლო სამხედრო მოქმედებების ვარიანტებს აქტიურად განიხილავდნენ.
სამხედრო დაზვერვის შეფასებით, ისრაელის დარტყმამ, შესაძლოა, „რამდენიმე ფრონტზე“ გააჩაღოს კონფლიქტი. ეს შეფასება ეწინააღმდეგება ნეთანიაჰუსა და „მოსადის“ ხელმძღვანელის, რომან გოფმანის სავარაუდო მოლოდინს, რომ სამხედრო ოპერაცია, შესაძლოა, მხოლოდ სამიდან ხუთ დღემდე გაგრძელდეს.
როგორც ინფორმაციაშია აღნიშნული, ოპოზიციონერი პოლიტიკოსის ავიგდორ ლიბერმანის ბოლო განცხადება ირანზე თავდასხმის წინააღმდეგ სწორედ იმ შეშფოთებას უკავშირდება, რომ ნეთანიაჰუ, შესაძლოა, ირანზე ცალმხრივი დარტყმის განხორციელებას განიხილავდეს, აშშ-ის ჩართულობისა და თანხმობის გარეშე.
გასულ კვირას ლიბერმანმა განაცხადა, რომ ამ ეტაპზე ისრაელის ნებისმიერი თავდასხმა გაუმართლებელი იქნებოდა და „სრულიად პოლიტიკური მოტივებით“ იქნებოდა განპირობებული.
ისრაელის თავდაცვის ძალებმა „მე-12 არხის“ კითხვაზე, დახურულ შეხვედრებზე გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.