VIDEO: გიორგი ვაშაძე ბინას რუსეთის მოქალაქეებზე აქირავებს - რა განმარტებას აკეთებს პოლიტიკოსი

გიორგი ვაშაძე

გიორგი ვაშაძე, რომელსაც მთელი თავისი რიტორიკა საქართველოში შემოსული რუსების წინააღმდეგ აქვს აწყობილი, ბინას რუსეთის მოქალაქეებზე აქირავებს.

"საქართველოს ეროვნული ინტერესების საფრთხე," "მე არ ვაპირებ ჩემი სამშობლო დავუთმო რუსეთის მოქალაქეებს," "დაუყოვნებლივ მოხდეს საზღვრის ჩაკეტვა", - ეს ფრაზები ეკუთვნის გიორგი ვაშაძეს, რომლის სახლშიც დღეს "კურიერმა" რუსი მდგმურები აღმოაჩინა.

დიღმის მასივში მდებარე კორპუსში გიორგი ვაშაძის ოჯახი მათ საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას რამდენიმე თვეა აქირავებს. აღმოჩნდა, რომ "სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერმა, რომლისთვისაც უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსეთის მოქალაქეების საქართველოში შემოსვლა ამორალური იყო, ბინა სწორედ რუსეთის მოქალაქეს მიაქირავა. "კურიერი" დღეს ბინაში იყო მისული, სადაც ადგილზე მდგმურიც დაგხვდა, თუმცა ვინმე პოპოვმა კამერის წინ საუბარი არ ისურვა.

ვინ არის ბინის მეპატრონე და ვისგან იქირავა რუსეთის მოქალაქემ უძრავი ქონება ვაშაძეების მდგმურს საუბარი არ სურს, თუმცა ოფიციალური დოკუმენტის მიხედვით დიღმის მასივში მდებარე სახლი გიორგი ვაშაძის მშობლებს ეკუთვნით. ახალი ბინადრები მეზობლებთან კონტაქტს და საკუთარი წარმომავლობის გამხელას ერიდებიან, თუმცა კორპუსში ბევრმა იცის, რომ ოჯახი რუსეთიდანაა.

"კურიერი" გიორგი ვაშაძესაც ესაუბრა, ”სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერი თავდაპირველად შეეცადა მხოლოდ ის ეთქვა, რომ ბინის დამქირავებელი უკრაინაშია დაბადებული. თუმცა კითხვაზე რომელი ქვეყნის მოქალაქეა მისი მდგმური - ვაშაძემ ვეღარ დამალა, რომ მისი მშობლების ბინაში ახლა რუსეთის მოქალაქე ცხოვრობს.

მმართველ გუნდში ამბობენ, რომ ამორალურია, როდესაც პოლიტიკოსი საკუთარ რიტორიკას საქართველოში შემოსული რუსეთის მოქალაქეების წინააღმდეგ აგებს, თავად კი ფინანსური დაინტერესების გამო მათთან საქმიან ურთიერთობას იწყებს.

"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი დღეს "კურიერთან" განმარტავდა, რომ ჰუმანიტარული მისიით რუსეთის მოქალაქეები ქვეყანაში უნდა შემოუშვან, თუმცა როგორ უნდა გაიმიჯნოს ვინ რა მისიით ჩამოდის საქართველოში, ამაზე დეტალურად აღარ უსაუბრია.