უნდა მივიღოთ მყარი გარანტიები უმრავლესობის მხრიდან, რომ უახლოესი არჩევნები ჩატარდება კონკურენტულ, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში - არმაზ ახვლედიანი

ახვლედიანი

უნდა მივიღოთ მყარი გარანტიები უმრავლესობის მხრიდან, რომ უახლოესი არჩევნები, როცა ის ჩატარდება, ჩატარდება კონკურენტულ, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში,- ამის შესახებ პარლამენტის წევრმა, არმაზ ახვლედიანმა პლენარულ სხდომაზე განაცხადა. 

„თუ მართლა საქმით გვინდა დავამტკიცოთ, რომ ევროპული პერსპექტივა ყველასთვის, ვისაც ეს ადარდებს, რაღაცას ნიშნავს, მაშინ გადავდგათ კონკრეტული ნაბიჯები - მივიღოთ მყარი გარანტიები უმრავლესობის მხრიდან, საერთაშორისო ჩართულობით ჩვენი პარტნიორებისა, რომ უახლოესი არჩევნები, როცა ის ჩატარდება, ჩატარდება კონკურენტულ, სამართლიან, დემოკრატიულ გარემოში, ასე ნანატრ გარემოში მთელი ჩვენი ქვეყნისთვის. თუ ამას ვახერხებთ, თუ ამის პოლიტიკური ნება უმრავლესობაში იარსებებს, მაშინ აზრი ექნება მუშაობის გაგრძელებას. ყველა სხვა შემთხვევაში უნდა შევეგუოთ აზრს, რომ ასე საქართველოში პოლიტიკურ ცხოვრება, საზოგადოებრივი ცხოვრება ვეღარ, აღარ გაგრძელდება“, - განაცხადა ახვლედიანმა.

დეპუტატი მიიჩნევს, რომ  ახლა  არსებითი გადატვირთვის დროა. მისი თქმით სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნებისთვის შესაბამისი გარემოს შესაქმნელად დაუყოვნებლივ, უნდა შეიკრიბოს ყველა დაინტერესებული მხარე, თავდაპირველად საპარლამენტო ჯგუფების და დამოუკიდებელი დეპუტატების მონაწილეობით.

„დაუყოვნებლივ უნდა დავიწყოთ მუშაობა ერთადერთი მიმართულებით - მაგისტრალური მიმართულებით, რომ მოვამზადოთ სათანადო სამართლიანი, დემოკრატიული გარემო არჩევნების ჩასატარებლად. ამის გარეშე, ყველა სიტყვა, ნათქვამი თქვენი მხრიდან თუ ჩვენი მხრიდან, იქნება წყლის ნაყვა და არაფერი სხვა. ევროპული პერსპექტივა არაფერს სხვას არ ნიშნავს, თუ არა არჩევნების გზით, დემოკრატიული, სამართლიანი არჩევნების გზით ხელისუფლების ცვლილებას და ხალხის ნების გამოხატვას. საუბედუროდ, ეს ფუნდამენტური კონსტიტუციური უფლება ჩვენს ხალხს ამდენი წელია წართმეული აქვს“, - განაცხადა არმაზ ახვლედიანმა.