უნდა გვქონდეს ინფორმაცია რომელი მუხლების მქონე პატიმრები არიან შეწყალებულები - ირაკლი კუპრაძე

ირაკლი კუპრაძე

პატიმრების შეწყალების გამო ოპოზიცია პრეზიდენტს აკრიტიკებს. მიხეილ ყაველაშვილმა ნათლისღების დღესასწაულზე 613 მსჯავრდადებული შეიწყალა. "კონსტიტუციით მინიჭებული ექსკლუზიური უფლებამოსილების გამოყენება ეფუძნება ჰუმანიზმის პრინციპს და სახელმწიფო ინტერესს." - ნათქვამია პრეზიდენტის განცხადებაში.

ოპოზიციის ნაწილი ამბობს, რომ გადაწყვეტილება უკანონოა, ნაწილს კი პრეტენზია აქვს ინდივიდუალური საქმეების და რისკების შესწავლის ვადებთან დაკავშირებით.

კრიტიკა ისმის არასამთავრობო სექტორის მხრიდანაც. "ამდენი პირი ერთდროულად ბოლო 10 წელია არც ერთ პრეზიდენტს არ შეუწყალებია" - წერს არასამთავრობოების ნაწილი.

ოპონენტების უკმაყოფილება არ უკვირთ მმართველ გუნდში, სადაც აცხადებენ, რომ ოპოზიცია და მესამე სექტორი ჰუმანური აქტის წინააღმდეგია.

"ძლიერი საქართველო - ლელო, ხალხისთვის, თავისუფლებისთვის" ერთ-ერთი ლიდერის, ირაკლი კუპრაძის განცხადებით, პრეზიდენტის მიერ პატიმრების ასეთ მოკლე დროში შეწყალება კითხვის ნიშნებს აჩენს.

"პატიმრების შეწყალება, როგორც ჰუმანური აქტი არის მნიშვნელოვანი პოლიტიკური შესაძლებლობა პრეზიდენტის ინსტიტუტის მხრიდან, თუმცა არალეგიტიმურმა მიხეილ ყაველაშვილმა როგორ შეძლო 20 დღის განმავლობაში 600-ზე მეტი საქმის შესწავლა და გადაწყვეტილების მიღება, სრულიად წარმოუდგენელია. ეს აჩენს ეჭვებს, უნდა გვქონდეს ინფორმაცია რომელი მუხლების მქონე პატიმრები არიან შეწყალებულები, რათა დადგინდეს - ეს არის მძიმე დანაშაულები, მიზანშეწონილობა არსებობს თუ არა, რეალურად ჰუმანური აქტია თუ ეს არის პოლიტიკური გარიგება", - განაცხადა ირაკლი კუპრაძემ.

"ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ირაკლი ფავლენიშვილის განცხადებით, მათ ნაკლებად აქვთ იმის მოლოდინი, რომ მსგავსი ტიპის შეწყალება ჰუმანურ ინტერესებს ემსახურება.

"ნაკლებად გვაქვს იმის მოლოდინი და წარმოდგენა, რომ მსგავსი ტიპის შეწყალება ჰუმანურ ინტერესებს ემსახურება. მაღალი იმის ალბათობა, რომ ეს ადამიანები ციხიდან გამოშვებულები არიან კონკრეტული რეჟიმის ინტერესებიდან გამომდინარე. ჰუმანური აქტის საჭიროება დგას და პირველ რიგში უნდა შეეხოს იმ ადამიანებს, რომლებიც უკანონოდ იხდიან სასჯელს და რამდენიმეწლიანი ციხე ემუქრებათ", - განაცხადა ირაკლი ფავლენიშვილმა.