"უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში დავის საბაბი რუსეთის ხსენება გახდა" - ოპოზიცია და ხელისუფლება ვერ შეთანხმდა

პარლამენტი

"ის, რომ საბოლოო ჯამში,  უკრაინის მხარდამჭერ რეზოლუციაში დავის საბაბი რუსეთის ხსენება გახდა, ეს ძალიან უცნაური და არასერიოზულია", - ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა დეპუტატმა სანდრო რაქვიაშვილმა განაცხადა.

„მგონი ასე არ უნდა ვიქცეოდეთ, როდესაც ასეთ სერიოზულ საკითხებზე ვსაუბრობთ და ვსაუბრობთ ჩვენი მოკავშირე ქვეყნის პრობლემებზე“, - განაცხადა სანდრო რაქვიაშვილმა.

ხელისუფლების წარმომადგენელი მიხეილ სარჯველაძე კი აცხადებს, რომ რეზოლუციის ნაკლს არ წარმოადგენს ის, რომ დოკუმენტში რუსეთის შესახებ დამატებითი ხაზგასმა არ მომხდარა.

„ასეთ დროს ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ზუსტ შეფასებებს და არ არის აუცილებელი ამ დოკუმენტში დიდი გასაქანი მივცეთ პოპულიზმს. რაც შეეხება რუსეთის აგრესორობას, არ ვფიქრობ, რომ ამ რეზოლუციის წუნს წარმოადგენს ის, რომ დოკუმენტში ამ ფაქტის დამატებითი ხაზგასმა არ მომხდარა“, - განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ. 

საპარლამენტო პარტიებმა უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს, რის გამოც რეზოლუციის პროექტს საპარლამენტო უმრავლესობა დაარეგისტრირებს.