თვითმმართველობის არჩევნებთან დაკავშირებით ჩვენ გვაქვს მკაფიო პოზიცია, დაუშვებელია მონაწილეობა არჩევნებში, სადაც შედეგი წინსწრებადაა დაწერილი - ბოკუჩავა

თინა ბოკუჩავა

„ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, თინა ბოკუჩავას განცხადებით, დაუშვებელია მონაწილეობა იმ არჩევნებში, სადაც შედეგი წინსწრებადაა დაწერილი.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, ბოკუჩავას განმარტებით, 31 მარტის აქციის შემდეგ, პარტიამ, საკითხების მნიშვნელობიდან გამომდინარე, დაიტოვა ამ ფორმატში თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუმცა ასეთი აუცილებლობა ამ დრომდე არ დამდგარა.

„თვითმმართველობის არჩევნებზე ჩვენ გვაქვს ძალიან მკაფიო პოზიცია, რაც არაერთხელ დაგვიფიქსირებია – დაუშვებელია მონაწილეობის მიღება არჩევნებში, სადაც შედეგი წინსწრებადაა დაწერილი. ასეთი „არჩევნები“ ტარდება რუსეთშიც, საპრეზიდენტო, ადგილობრივი თუ საპარლამენტო. ამიტომ ტერმინი არჩევნებიც გაუმართლებელია იქ, სადაც რუსული რეჟიმი გეგმავს მორიგ სპეცოპერაციას ქართული ხალხის წინააღმდეგ.

რაც შეეხება სალომე ზურაბიშვილის ფორმატს, 31 მარტის აქციის შემდეგ, სადაც არსებობდა ძალიან მაღალი მოლოდინი მისი მხრიდან რაიმე კონკრეტული განაცხადის შესახებ, რამაც, ჩემი აზრით, ხალხში საკმაოდ დიდი იმედგაცრუება გამოიწვია, ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ მხოლოდ საკითხების აუცილებლობისა და მნიშვნელობიდან გამომდინარე, სიტუაციურად დაგვეტოვებინა, ასე ვთქვათ, თანამშრომლობის შესაძლებლობა, თუმცაღა ვხედავთ, რომ ამ დრომდე ასეთი აუცილებლობა არ დამდგარა. მიუხედავად ამისა, ჩვენ ვაგრძელებთ სხვა პოლიტიკურ პარტიებთან თანამშრომლობას, განსაკუთრებით საგარეო ფლანგზე და იმ საკითხებზე, რომლებიც შეეხება საქართველოს დემოკრატიული ძალების პოზიციონირებას ქართველი ხალხის სახელით, საგარეო მიმართულებით და საგარეო ფრონტზე საქართველოს საერთაშორისო მეგობრებთან“, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.