კრემლში აცხადებენ, რომ რუსეთი განაგრძობს შეერთებულ შტატებთან მუშაობას სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად

კრემლი

რუსეთი განაგრძობს მუშაობას ამერიკულ მხარესთან, ჩვენ ორიენტირებული ვართ მშვიდობის მიღწევისკენ მიმართული ძალისხმევის გაგრძელებაზე, – ამის შესახებ კრემლის პრესსპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

„ჩვენ და პრეზიდენტი პუტინი ვემხრობით მშვიდობის მიღწევას ჩვენი ქვეყნის ინტერესების უზრუნველყოფით. ეს სავალდებულო პირობაა. ეს სამუშაო გრძელდება“, – აღნიშნა პესკოვმა.

​კრემლის სპიკერმა უარყო ის ფაქტიც, რომ რუსეთმა კიევის მიმართულებით თავდასხმა განახორციელა.

„არა, ეს სიცრუეა. უკრაინული მხარე განაგრძობს პროპაგანდას. ჩვენი სამხედროები განაგრძობენ „სპეციალურ სამხედრო ოპერაციას“, თავიანთი ამოცანების შესრულებას, რომლებიც მათ დაუსახა უმაღლესმა მთავარსარდალმა და ამ ჩარჩოებში ახორციელებენ დარტყმებს სამხედრო ობიექტებზე“, – დასძინა პესკოვმა.

ამასთან, დიმიტრი პესკოვის თქმით, ამერიკის პრეზიდენტის განცხადება, რომ უკრაინამ ყირიმი დიდი ხნის წინ დაკარგა, მათ აზრს შეესაბამება.