თურქეთის ელჩი ქართველ მაშველებს მადლობას უხდის: მათი ადგილზე ყოფნა დიდი იმედის მომცემია მოსახელობისთვის

ელჩი

საქართველოში თურქეთის  რესპუბლიკის ელჩი ალი ქაან ორბაი  ქართულ მხარეს თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მყისიერად ჩართვისთვის  და  ნანგრევებში მოყოლილი ქალის გადარჩენისთვის მადლობას უხდის. 

შესაბამისი  განცხადება თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გააკეთა, საიდანაც  თურქეთის რესპუბლიკაში მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობის მიზნით დამატებით  კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი გაემგზავრა. 

„როგორც თურქეთის ელჩს საქართველოში, ძალიან მეამაყება იმის თქმა, რომ ჩვენი მეზობელი, ძველი მეგობარი და სტრატეგიული პარტნიორი საქართველო იყო ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელმაც მოახდინა რეაგირება ჩვენს დასახმარებლად. ინციდენტიდან უახლოეს საათებში საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა დააორგანიზა მეხანძრე-მაშველთა ჯგუფი. მე გავიგე, რომ მათ უკვე მოახერხეს 21 წლის ქალბატონის გადარჩენა. მათი ადგილზე ყოფნა დიდი იმედის მომცემია ადიამანის მოსახელობისთვის“- განაცხადა საქართველოში თურქეთის რესპუბლიკის ელჩმა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მეხანძრე-მაშველებს, რომლებიც  თურქეთის რესპუბლიკაში მომხდარი მიწისძვრის შედეგების სალიკვიდაციო და სამაშველო ღონისძიებებში მონაწილეობენ, კიდევ 40 ქართველი მეხანძრე-მაშველი შეუერთდება. მაშველები ქალაქ ადიამანში მყოფ ქართველი მაშველების იმ ჯგუფს შეუერთდებიან, რომელიც უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს  სამაშველო ღონისძიებას და ერთი ადამიანის სიცოცხლე გადაარჩინეს. ქართველი მაშველები თბილისის საერთაშორისო აეროპორტიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა - თეიმურაზ მღებრიშვილმა და საქართველოში თურქეთის საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა - ალი ქაან ორბაიმ გააცილეს.სამაშველო ჯგუფები თურქეთში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის - ირაკლი ღარიბაშვილის გადაწყვეტილებით ჩაერთნენ.