"286 დღის შემდეგ" - მედია კოსმოსიდან დაბრუნებული ქალის ფოტოებს აქვეყნებს
1742412296
საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც ინარჩუნებს იქ სამხედრო ყოფნას და ეს არის არსებული მდგომარეობა, რომელიც ათწლეულებია, გრძელდება, განსაკუთრებით 2008 წლის ომის შემდეგ, – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა ნიუ დელიში, საერთაშორისო კონფერენციის, „რაიზინა დიალოგი 2025“-ის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.
ბოჭორიშვილის თქმით, რუსეთმა ოკუპირებული ტერიტორიების „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარების პოლიტიკის კუთხით წარმატებას ვერ მიაღწია, რადგან საქართველოს ხელისუფლებამ მოახერხა საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება.
მაკა ბოჭორიშვილის თქმით, ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებად, რომელთა დაცვაც მნიშვნელოვანია. ამავდროულად, მაკა ბოჭორიშვილმა აღნიშნა, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა უნდა იყოს ცალსახად მშვიდობიანი.
„ჩემთვის უდიდესი პატივია, რომ აქ ვიმყოფები და მაქვს საქართველოზე საუბრის შესაძლებლობა. როდესაც მოვდიოდი, ვფიქრობდი, საიდან დამეწყო საქართველოს წარდგენა: გეოპოლიტიკურ, პოლიტიკურ, ეკონომიკურ, ეკონომიკური რეფორმების წარმატებულობის, თუ საკვებისა და ღვინოს ჭრილში, რომელიც საქართველოს საუკეთესო რბილ ძალად გვევლინება, თუმცა უსაფრთხოების თემა საქართველოსთვის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია. დიახ, საქართველო სამხრეთ კავკასიის პატარა ქვეყანაა, რომელსაც აქვს ტერიტორიული მთლიანობის პრობლემა, საქართველოს ორი რეგიონი ჯერ კიდევ ოკუპირებულია რუსეთის მიერ, რომელიც ინარჩუნებს იქ სამხედრო ყოფნას და ეს არის არსებული მდგომარეობა, რომელიც უკვე ათწლეულებია, გრძელდება, განსაკუთრებით რუსეთის ფედერაციასთან 2008 წლის ომის შემდეგ, რომლის შემდეგაც რუსეთმა აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი „დამოუკიდებელ სახელმწიფოებად“ აღიარა, თუმცა მათ წარმატებას ვერ მიაღწიეს აღიარების პოლიტიკის კუთხით, რადგან ჩვენ მოვახერხეთ საერთაშორისო საზოგადოების მობილიზება. საერთაშორისო სამართლისა და მისი პრინციპების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია ყველასთვის, მათ შორის ჩვენთვის. ასე რომ ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი რჩება ძალიან მნიშვნელოვან პრინციპებად, რომლებიც უნდა დავიცვათ და მუდმივად გვახსოვდეს, რომ ეს პრინციპები წარმოადგენს საერთაშორისო წესრიგის საფუძველს. ჩვენ ვაგრძელებთ ყველა საერთაშორისო ფორმატისა და ფორმის გამოყენებას, რათა ვისაუბროთ ამის შესახებ და გადავჭრათ სამხრეთ კავკასიაში არსებული კონფლიქტები, რომლებიც საფრთხეს უქმნის მთელი რეგიონის უსაფრთხოებას. ამავე დროს, ჩვენ ძალიან ხმამაღლა და მკაფიოდ ვაფიქსირებთ, რომ კონფლიქტების მოგვარების გზა უნდა იყოს ცალსახად მშვიდობიანი. ჩვენ გვაქვს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების ფორმატი, სადაც წარმოდგენილი არიან ევროკავშირი, გაერო, ეუთო, აშშ, საქართველოსთან და რუსეთთან ერთად. ეს ფორმატი კონფლიქტებისა და მისი გადაჭრის გზებზე საუბრის შესაძლებლობას გვაძლევს, მაგრამ ეს არის ხანგრძლივი პროცესი, რომელიც ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. თუ შემეკითხებით, ვერ გეტყვით, როგორ უნდა მოხდეს ამ პრობლემის გადაჭრა დღეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ მომავალში ის გადაიჭრება და უნდა გადაიჭრას, რადგან ეს არა მხოლოდ სამხრეთ კავკასიისთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის მნიშვნელოვანია, და ასევე მნიშვნელოვანია ევროპული უსაფრთხოებისთვის, რადგან საქართველოს ევროპული უსაფრთხოების კონცეფციისგან გამოცალკევებულად ვერ განვიხილავ“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.