თენგიზ შარმანაშვილი: ხმამაღლა აღიარების შემდეგ, რომ აშშ უკრაინის ხელით ეწევა „პროქსი ომს“, მთლიანად იცვლება სიტუაცია. არასდროს აშშ-ს ეს ხმამაღლა არ გამოუცხადებია

თენგიზ შარმანაშვილი

ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის - ამერიკასა და რუსეთს შორის „პროქსი ომი“, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს იმიტომ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიმავალი გზაა, - განაცხადა თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თენგიზ შარმანაშვილმა გადაცემა „დღის ქრონიკაში“.

„პროქსი ომი“ არის შენი სატელიტი ქვეყნის მიერ ნაწარმოები ომი, რომლის უკანაც შენ დგახარ. ანუ შენ პირდაპირ არ ჩნდები და შენ სატელიტს, შენზე დაქვემდებარებულ ქვეყანას უშვებ ამ ომში. ამის ხმამაღლა აღიარების შემდეგ, რომ აშშ უკრაინის ხელით ეწევა ამ „პროქსი ომს“ უკვე მთლიანად იცვლება სიტუაცია. არასდროს აშშ-ს ეს არ გამოუცხადებია ხმამაღლა, მინიშნებით კი ლაპარაკობდნენ, მაგრამ ასე პირდაპირ ეს არ უთქვამთ. ამიტომაც ითქვა, რომ ორ ბირთვულ სახელმწიფოს შორის - ამერიკასა და რუსეთს შორის ეს ომი, რაც შეიძლება სწრაფად უნდა დამთავრდეს იმიტომ, რომ ეს მესამე მსოფლიო ომისკენ მიმავალი გზაა. ეს ხომ ჩვენი შეფასება არ არის. ამაზე ადრე რომ ვსაუბრობდით შეიძლება ვინმეს მოსჩვენებოდა, რომ ეს ჩვენი პარტიული პროპაგანდის ნაწილი იყო, მაგრამ ამაზე უკვე აშშ-ის სახელმწიფო მდივანი საუბრობს“, - განაცხადა შარმანაშვილმა.

მისივე თქმით, დღეს ამერიკის ძალების გარეშე ევროპას დამოუკიდებლად არ გააჩნია იმის შესაძლებლობა, რომ რუსეთს რაიმე წინააღმდეგობა გაუწიოს.

„ეს გამორიცხულია. მათ იმდენად შეამცირეს თავისი შეიარაღება, ხარჯები ამ შეიარაღებაზე, ამის ერთ და ორ კვირაში აღდგენა, გაორმაგება ან გაძლიერება ვერ მოხდება. უკრაინას კიდევ ერთხელ უბიძგო რომ ეს „პროქსი ომი“ გააგრძელოს და კიდევ უფრო დიდი მსხვერპლი ჰქონდეს, როდესაც აშშ არ იქნება ჩართული, აბსოლუტურად განადგურებისკენ მიმავალი გზა არის უკრაინისთვის. ეს არის უსინდისო საქციელი, არასწორი საქციელი, ამ ერის გამოყენება ბოლომდე, ამ სატელიტის გამოყენება ბოლომდე, რომელიც ძალიან ძვირად დაუჯდება. უკვე ასი წელიც კი დაასახელა, ერთი საუკუნე დაასახელა ტრამპმა, რომ ყველაფერი კარგად რომ წავიდეს, ასი წელი მაინც დასჭირდება, რომ უკრაინა იმ სიტუაციას დაუბრუნდეს, რაც ომამდე იყო. ამისკენ გვექაჩებოდნენ ჩვენც. ჩვენ ალბათ საერთოდ ვერასდროს დავუბრუნდებოდით“, - აღნიშნა შარმანაშვილმა.

ცნობისთვის, აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ კონფლიქტი უკრაინაში ამერიკასა და რუსეთს შორის „პროქსი ომს" წარმოადგენს.