თბილისში უკრაინის მხარდამჭერი აქცია გაიმართა

აქცია

საქართველოში მცხოვრებმა უკრაინის მოქალაქეებმა დღეს პარლამენტთან უკრაინის მხარდამჭერი აქცია გამართეს.

შეკრებილებმა რუსეთის მხრიდან უკრაინის რეგიონებზე განხორციელებული მასიური სარაკეტო შეტევა კიდევ ერთხელ დაგმეს.

აქციის ორგანიზატორების თქმით, სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვა და მშვიდობიანი მოსახლეობის მკვლელობა ადასტურებს, რომ რუსეთი ტერორისტული სახელმწიფოა.

მათი თქმით, რუსეთი ტერორისტულ სახელმწიფოდ უნდა იქნეს აღიარებული.

აქციის მონაწილეებმა წუთიერი დუმილით პატივი მიაგეს უკრაინაში ომის დროს დაღუპული გმირების ხსოვნას.

უკრაინის მხარდამჭერ აქციას დღეს პოლიტიკოსების ნაწილი და სამოქალაქო აქტივისტებიც შეუერთდნენ.

აქცია უკრაინისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნებით დასრულდა.

ორგანიზატორების განცხადებით, შემდეგი აქცია, თავისუფლების მოედანზე, უკრაინის დამცველების დღეს, 14 ოქტომბერს გაიმართება.