სოზარ სუბარი: იქიდან, რომ „იმედი“ და „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს, ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში

პარლამენტის წევრი

პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, პარტია „ხალხის ძალის“ თავმჯდომარემ სოზარ სუბარმა „ქრონიკასთან“ „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ დიდი ბრიტანეთის მთავრობის მიერ სანქციების შემოღება შეაფასა. მისი თქმით, ეს გადაწყვეტილება საქართველოში თავისუფალი სიტყვის დასჯის მცდელობაა.

„იქიდან, რომ დღეს ტელეკომპანია „იმედი“ პირველ რიგში და ტელეკომპანია „პოსტივი“ არიან რეიტინგების ლიდერები, კარგად ჩანს, რამდენად არის ხალხი მოწყურებული სიმართლეს და რამდენად სჯერა ქართველ ხალხს სიმართლის. ზუსტად ეს არ მოეწონათ საქართველოს მტრებს და ამიტომ გადაწყვიტეს, დაესაჯათ თავისუფალი სიტყვა საქართველოში. თუმცა, ამ შემთხვევაში ისინი შედეგს ვერ მოაღწევენ იმიტომ, რომ ხალხის ნდობას წინ ვერაფერი დაუდგება”, - განაცხადა სოზარ სუბარმა.

დიდი ბრიტანეთის ელჩი გარეთ უორდი ახსნა-განმარტებისთვის საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს. როგორც ცნობილია, დიდი ბრიტანეთის მთავრობამ ქართული ტელეკომპანიების, „იმედისა“ და „პოსტივის“ წინააღმდეგ სანქციები შემოიღო. შესაბამისი ინფორმაცია ბრიტანეთის მთავრობის ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.