საქპატენტმა მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა დანერგა

გადახდა

2 მარტიდან საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნულ ცენტრ - „საქპატენტში“ მომსახურების საფასურის გადახდის განახლებული ელექტრონული სისტემა ამოქმედდება. ახალი სისტემა მომხმარებელს სთავაზობს გადახდის განხორციელების უფრო სწრაფ, მარტივ და ეფექტიან პროცესს. უწყების მიზანია მომხმარებელზე ორიენტირებული სერვისების განვითარება და ადმინისტრაციული პროცედურების გამარტივება.

განახლებული სისტემა მომხმარებლებს შესაძლებლობას აძლევს საფასურის გადახდა განახორციელონ გადახდის იდენტიფიკატორის (ინვოისის ნომრის) საშუალებით რამდენიმე არხის გამოყენებით, მათ შორის:

• საქპატენტის ოფიციალური ვებგვერდიდან – საერთაშორისო საბანკო ბარათებით (VISA, MasterCard);
• ონლაინ ბანკინგის საშუალებით – როგორც ინტერნეტ ბანკინგით, ისე მობაილ ბანკინგით;
• სწრაფი გადახდის ტერმინალებით (გადახდის აპარატებით);
• ბანკის ფილიალში ოპერატორის დახმარებით.
ამასთანავე, ახალი სისტემის საშუალებით მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება, სურვილის შემთხვევაში, ერთიანი გადახდით დაფაროს რამდენიმე საქმის ინვოისი.

განახლებული ელექტრონული გადახდის სისტემა საქპატენტის ციფრული ტრანსფორმაციის პროცესის მნიშვნელოვანი ეტაპია, რომელიც უზრუნველყოფს მომსახურების ხარისხის გაუმჯობესებასა და თანამედროვე სტანდარტებთან შესაბამისობას.