შიდა შური, დაპირისპირება, ბოღმა, რადიკალებისთვის არახალია, გარკვეულ ეტაპამდე შესაძლოა ცდილობდნენ ეს გარეთ არ გამოსულიყო, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა - დავით მათიკაშვილი

დავით მათიკაშვილი

ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირება ახალ ფაზაში გადადის - მიხეილ სააკაშვილისა და ნიკა მელიას მორიგი საჯარო კონფლიქტის შემდეგ, "ნაციონალური მოძრაობა" ყოფილ თანაგუნდელებთან გაერთიანების შანსს პრაქტიკულად გამორიცხავს.

ოპოზიციის შიდა დაპირისპირება არ უკვირს მმართველ გუნდს.

"შიდა შური, დაპირისპირება, ბოღმა, რადიკალებისთვის არახალია ნამდვილად. რაღაც გარკვეულ ეტაპამდე, შესაძლოა, ისინი ცდილობდნენ ეს გარეთ არ გამოსულიყო, არ გამოეჟონა, მაგრამ ჭირმა თავი არ დამალა, ისინი ლიდერობისთვის ბრძოლაში არ ინდობენ ერთმანეთს, უშვერი სიტყვებით ლანძღავენ, აქვეყნებენ სტატუსებს, ერთმანეთისკენ იშვერენ თითს", - აცხადებს პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დავით მათიკაშვილი.

შეგახსენებთ, პატიმრობაში მყოფმა ექსპრეზიდენტმა "ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი თავმჯდომარე "პოლიტიკურ ჭაობში" მყოფად მოიხსენია და მისი განათლება თუ იდეური ვარგისიანობა ეჭვქვეშ დააყენა. საპასუხოდ, მელიამ სააკაშვილს არაჟნების კონტეინერით ქვეყანაში შემოსვლისა და ე.წ. ანონიმური მოღალატეების გავლენით მოქმედების გამო პასუხი მოსთხოვა.