ჯარიმა 500-დან 6000 ლარამდე - ვის შეეხება 1 ივნისიდან ახალი რეგულაცია
1780260672
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებული პირების მიერ დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან კავშირის ეპიზოდები, - განუცხადა ჟურნალისტებს პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.
მისივე თქმით, საქმეში არის დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ კავშირს და ინფორმაციის გადაცემას.
„ორივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. რაც შეეხება მტკიცებულებებს, საქმეში მოიპოვება პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს ბრალდებულების კავშირს უცხო ქვეყნის დაზვერვის სამსახურის წარმომადგენლებთან. ასევე, მათი მხრიდან ინფორმაციის შეგროვებისა და გადაცემის ფაქტებს.
საქმეში არის დამაჯერებელი პირდაპირი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებს აღნიშნულ კავშირს და ინფორმაციის გადაცემას, ხოლო კონკრეტულად, თუ რა სახის ინფორმაცია იყო მოპოვებული და რა სახის მტკიცებულებებზეა საუბარი, მოგეხსენებათ, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს და შესაბამისად, ამ ინფორმაციის გაჟღერებამ შესაძლოა, დააზიანოს არა მარტო გამოძიების, არამედ სახელმწიფოს ინტერესი.
ორივე შემთხვევაში არსებობს თანხის აღების ფაქტები. ანუ, ორივე ბრალდებულის მხრიდან ინტერესი იყო მატერიალური სარგებელი. მტკიცებულებებთან დაკავშირებით, ვიმეორებ, რომ პირდაპირი მტკიცებულებები ნამდვილად არსებობს. დამერწმუნეთ, დამაჯერებელი მტკიცებულებებია, რომლებიც ამ კავშირს ადასტურებენ.
დასტურდება როგორც თანხის აღების, ასევე გადაცემის, შეგროვებისა და კავშირის ეპიზოდები“, - განაცხადა პროკურორმა ელიზბარ გოზალიშვილმა.
ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ გულბაათ რცხილაძესა და ირაკლი ჩიხლაძეს, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი პატიმრობა შეეფარდათ.